მაროკოს ქალაქ აგადირში, კალიებთან ბრძოლის ნაციონალურ ცენტრში (CNLAA), „კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კალიებთან ნაციონალური და რეგიონული ბრძოლის გაუმჯობესების ხუთწლიანი პროგრამის“ ფარგლებში, FAO-ს დაფინანსებით, ჩატარდა სტაჟირება კალიებთან ბრძოლის ქართველი და აზერბაიჯანელი სპეციალისტებისათვის.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
კალიებთან ბრძოლის ნაციონალური ცენტრის სპეციალისტებმა განიხილეს კალიების გამოკვლევასთან, მონიტორინგსა და ინფორმაციის მართვასთან, ულტრამცირემოცულობიანი შესხურების ტექნოლოგიის დანერგვასთან, ტერიტორიის დისტანციურ ზონდირებასთან დაკავშირებული პრობლემები, კალიების ჯოგურ ფორმებთან ბრძოლის ღონისძიებები.
სტაჟირების მონაწილეებს მიაწოდეს დაწვრილებითი ინფორმაცია კალიების განსაკუთრებით საშიში სახეობების ცხოვრების ციკლის, არეალის, პოპულაციის ფაზური მდგომარეობის შესახებ; გააცნეს ადამიანის ჯანმრთელობაზე პესტიციდების უარყოფითი მოქმედების შემცირების მეთოდები, ინდივიდუალური დაცვის ეფექტური საშუალებები, პესტიციდებით მოწამვლის სიმპტომები და პირველადი დახმარების აღმოჩენის მეთოდები; შეასწავლეს ხოლისტერაზული ინჰიბირების მონიტორინგი (სისხლის ანალიზი), ეკოლოგიური რისკების შემცირების მეთოდები და საშუალებები.
თეორიული კურსის გავლის შემდეგ სპეციალისტები გაემგზავრნენ დიდი ატლასის მთების სამხრეთით, მაროკოული კალიის ბიოტოპების (რეზერვაციების) ადგილებში, სადაც დაადგინეს კალიების გავრცელების კერები, მათი ზომები; საველე პირობებში შეისწავლეს ავტომობილზე დამონტაჟებული შემასხურებლის, ასევე ზურგსაკიდი და ხელის ულტრამცირემოცულობიანი შემასხურებლების დაკალიბრება და მუშაობა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კოლეგებს იტალიურ და მაროკოულ კალიასთან ბრძოლის გამოცდილება გაუზიარეს, რამაც მასპინძლების დიდი დაინტერესება გამოიწვია.