„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში ხვნის სამუშაოების ძირითადი ნაწილი აღმოსავლეთ საქართველოში თითქმის დასრულდა. აგროვადების გათვალისწინებით სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები სრული დატვირთვით უკვე დასავლეთ საქართველოში დაიწყება. 60 ერთეულამდე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დღეიდან უკვე დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაინაცვლებს. ტექნიკის გადაადგილების პროცესს სოფლის მეურნეობის სამინისტროსს შპს „მექანიზატორის“ გენერალური დირექტორი ზვიად ჩხაიძე ესწრებოდა.
„საგაზაფხულო სამუშაოები აღმოსავლეთ საქართველოში უკვე დასასრულს უახლოვდება შესაბამისად, ტექნიკის ძირითადი ნაწილი მობილიზებული იქნება დასავლეთ საქართველოში, რათა საგაზაფხულო სამუშაოები სრულფასოვნად და აგროვადების დაცვით ჩატარდეს. 27 ერთეული ტექნიკა სამეგრელოში უკვე გადანაწილდა და ხვნის სამუშაოები დროულად დაიწყება“, - განაცხადა ზვიად ჩხაიძემ.
„მცირემიწიან ფერმერთა წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. 2014 წელის პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო ფერმერებს ყველაზე მნიშვნელოვან სამუშაოში - ხვნაში ეხმარება. შ.პ.ს. „მექანიზატორი“ წელსაც აქტიურადაა ჩართული ამ პროექტში. ამ ეტაპისთვის უკვე მოხნულია 44 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, აქედან შ.პ.ს. „მექანიზატორმა“ 34 959 ჰა მიწის ფართობი დაამუშავა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჯამში 800 000-მდე მიწის მესაკუთრეს დაეხმარება. „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები არიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის იყენებენ.