ღვინის ტური კახეთში

ღვინის ტური კახეთში

31 მარტს და 1 აპრილს,  ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის დელეგატებმა  მონაწილეობა მიიღეს კახეთში გამართულ  ღვინის ტურში, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო.

კახეთის ტურის ფარგლებში ღვინის მაგისტრებსა და სპეციალისტებს, იმპორტიორებს, ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებს  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული ღვინის წარმოებას, ღვინის დაყენების ტრადიციულ, ქართულ ტექნოლოგიებს. სტუმრებმა  დაათვალიერეს ღვინის საწარმოები და ღვინის  დეგუსტაციებში მიიღეს მონაწილეობა.

ტურის პირველ დღეს,  კონფერენციის დელეგატები   ალავერდის მონასტრის მარანში  ქვევრის ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვან ქართულ მეთოდს გაეცნენ, სასტუმრო „შატო მერეში“ კომპანია „ვინივერიას“ ღვინოების დეგუსტაციაში მონაწილეობდნენ, ასევე კომპანია „ქინძმარაულის მარანში“ აბორიგენულის ვაზის ჯიშების კოლექცია-მუზეუმი დაათვალიერეს. სტუმრებმა ასევე მოინახულეს კომპანია „მეღვინეობა ხარებას“  კლდის მასივში გამოკვეთილი უნიკალური ღვინის გვირაბი, სადაც მთელი წლის განმავლობაში ღვინის შენახვისა და დაძველებისთვის იდეალური ბუნებრივი ტემპერატურა - 12-14 გრადუსია. ტურის მონაწილეებისთვის გაიმართა „მეღვინეობა ხარებას“ ღვინოების დეგუსტაცია და  სახელობითი ღვინოების გადაცემის ცერემონიალი.

ტურის მეორე დღეს ტურის სტუმრები „ტყუპების საღვინე სახლს“ ესტუმრნენ, სადაც გაიმართა  დეგუსტაცია და ქვევრის ღვინის ბოთლებში ჩამოსხმის ცერემონიალი.   სტუმართა შორის  ამერიკელი ღვინის ჟურნალისტები,  წიგნის - „Georgia, Sakartvelo - Birthplace of Wine“  ავტორები ტერი და ქეით სალივანებიც იყვნენ, რომლებმაც  2013  წელს  ტყუპების მარნში  რთველში მიიღეს მონაწილეობა. სალივანებმა საკუთარი ხელით მოკრეფილი ყურძენი მაშინ  ერთ-ერთ ქვევრში ჩაწურეს, რომელიც აღნიშნული ტურის ფარგლებში გაიხსნა. საკუთარი პროდუქციის დეგუსტაცია გამართა ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ „შუხმანის ღვინოები“.

ტურის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა სოფელ წინანდალში მდებარე  ღვინის კომპანიაში „შუმი“, სადაც განთავსებულია საქართველოში პირველი ვაზისა და ღვინის მუზეუმი „ვაზიონი“. მუზეუმში თავმოყრილია ღვინის უძველესი სასმისები, საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ქვევრი და 500-ზე მეტი უძველესი ქართული ვაზის ჯიში. წინანდალში სტუმრები ჭაჭის გამოხდის პროცესს დაესწრნენ, მონაწილეობა მიიღეს ჩურჩხელების ამოვლებაში, თონეში პურის გამოცხობასა და სხვა აქტივობებში. კახეთში ვიზიტი დასრულდა სიღნაღის დათვალიერებით, სადაც ტურის მონაწილეები ეწვივნენ  კომპანია „ხოხბის ცრემლების“ მარანს, გაეცნენ ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტექნოლოგიას და  დააგემოვნეს ქართული ღვინო.