სარწყავი არხების აღდგენა-რეაბილიტაცია გრძელდება

სარწყავი არხების აღდგენა-რეაბილიტაცია გრძელდება

სოფლის მეურნეობის სამინისტრო და  გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია სარწყავი და სადრენაჟე არხების რეაბილიტაციის მასშტაბურ სამუშაოებს  აგრძელებს.

დღეისათვის საქართველოს მასშტაბით სარწყავი სისტემების პრაქტიკულად  ყველა  დიდი მაგისტრალური არხი  და  გამანაწილებელი  გაწმენდილია, დაგეგმილია  სარეაბილიტაციო სამუშაოების  ჩატარებაც. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები  ბოლო 25 – 30 წელია არ ჩატარებულა.

საერთო  ჯამში,   2014  წელს  წინა  წლებთან  შედარებით   სამჯერ  მეტი  ფართობი  გასარწყავდება  - სულ  88 ათასი ჰა; 

ზემო სამგორის მაგისტრალურ არხზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი  ვაჟა კირტავა ადგილზე გაეცნენ.

,,ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, აღდგება ზემო სამგორის სარწყავი   სისტემის წყლის გამტარუნარიანობა. სამელიორაციო მომსახურება გაუმჯობესდება 4500 ჰა ფართობზე,  ხოლო დამატებით წყალუზრუნველყოფილი გახდება 2000 ჰა ფართობი.  ზემო სარწყავი არხით გარდაბნის მუნიციპალიტეტის 20-მდე სოფელი ისარგებლებს”, - განაცხადა დავით გალეგაშვილმა.

არხის სარეაბილიტაციო პროექტის ღირებულებაა 6 857 000 ლარი. სამუშაოებს, რომელიც 2013 წლის ივნისში დაიწყო   და  მიმდინარე  წლის ივნისში დასრულდება,  ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს „სთს“ აწარმოებს. 

როგორც სამელიორაციო კომპანიის დირექტორმა ვაჟა კირტავამ აღნიშნა, ზემო სამგორის სარწყავი   სისტემა სათავეს სოფელ პალდოში იღებს  მდ. იორზე არსებული სათავე ნაგებობით და ჩაედინება თბილისის წყალსაცავში (თბილისის ზღვაში). ზემო სამგორის სარწყავი   სისტემის რეაბილიტაციის I ეტაპი მოიცავს პალდოს სათავე ნაგებობის (მდ.იორზე), ზემო მაგისტრალური არხისა და გამანაწილებელი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

ზემო სამგორის  ზემო მაგისტრალური არხი მრავალფუნქციურია. იგი ავსებს თბილისის ზღვას, აქვს ირიგაციულ და ენერგეტიკული (ჰიდროელექტრო სადგურები) დანიშნულება, თბილისის ზღვის წყალი გამოიყენება ქალაქის წყალმომარაგებისათვის. მაგისტრალურ არხზე მდებარეობს 9 გვირაბი (ჯამში 6 კმ). მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს ზემო მაგისტრალური არხის (40 კმ-ის, მასზე მდებარე ჰიდროტექნიკური ნაგებობების პალდოს სათავე-ნაგებობების და გამანაწილებელი ქსელის 58 კმ-ის) რეაბილიტაციას, რაც მოიცავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის  6370 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულს.

სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის განხორციელება საშუალებას მისცემს ფერმერებს გაზარდონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება 40-50%-ით, შეიქმნება მოსავლის სტაბილურად მიღების შესაძლებლობა, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ბუნებრივ-კლიმატური პირობებით გამოწვეული უარყოფითი პროცესების გავლენა. 

 2013 წელს სარემონტო სამუშაოები დაიგეგმა 306 ობიექტზე, აქედან, 300 ობიექტზე  სამუშაოები უკვე დასრულებულია. დღეისათვის, გაწმენდილი და შეკეთებულია სარწყავი სისტემების 1291.5 კმ მაგისტრალური არხი და პირველი რიგის გამანაწილებელი.  აღნიშნული ღონისძიებების შედეგად 2013 წელს საქართველოში წყალუზრუნველყოფილი გახდა 74.3 ათასი ჰა სავარგული.