2014 წლის 25, 31 მარტსა და 1 აპრილს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოების სხდომები გაიმართა. საბჭოების გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებები 76-მა მსჯავრდებულმა დატოვა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი და 1 ქალბატონია.
სხდომებზე 900-მდე მსჯავრდებულის შუამდგომლობა განიხილეს, კერძოდ მათი, ვისაც მოხდილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაულზე - სასჯელის ნახევარი, მძიმეზე - 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე -3/4.
შუამდგომლობების ინდივიდუალურად განხილვისას საბჭოების წევრებმა გაითვალისწინეს დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლეობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.
2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმით სულ 2819 მსჯავრდებული გათავისუფლდა, მათ შორის 320 ქალი და 46 არასრულწლოვანი. მაშინ როდესაც, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე აღნიშნული მექანიზმით სულ 841 მსჯავრდებული გათავისუფლდა. მათ შორის 12 არასრულწლოვანი და 39 ქალი.