საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია კატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრმა დელეგაციის წევრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის პოტენციალი გააცნო. შალვა ფიფიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლებისთვის სოფლის მეურნეობა რეალური პრიორიტეტია და, შესაბამისად, აქტიურად ხორციელდება დარგის განვითარებისთვის ხელშემწყობი პროექტები, მათ შორის სამელიორაციო და საირიგაციო, სურსათის უვნებლობის, სასოფლო-სამეურნეო კოოპარაციის, საექსპორტო ბაზრების ზრდისა და სხვა მიმართულებებით.
მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგი ინვესტორებს არაერთი მიმართულებით სთავაზობს ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს საგადასახადო სისტემის ძირითად პრინციპებსა და საკანონმდებლო საკითხებს.
დელეგაციის წევრებმა მინისტრს მადლობა გადაუხადეს მასპინძლობისთვის. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მიმართულებით აქტიური ნაბიჯები უახლოეს მომავალში გადაიდგმება.