31 მარტს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“-ში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში ახალ გამოწვევებსა და ხედვებზე, კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“-ს დირექტორი ზვიად დევდარიანი, იუსტიციისა და განათლების სამინისტროების, აგრეთვე, არასრულწლოვანთა სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, ბოლო პერიოდში წარმატებით ხორციელდება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების სარეაბილიტაციო პროგრამები და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობა. ღონისძიებაზე, ამ სფეროში წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთ მაგალითად, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და „სიდა“-ს პარტნიორობა დასახელდა.
კონფერენცია ჩატარდა პროექტის – „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში“ – ფარგლებში, რომელსაც „სიდა“ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.