ვინ არიან ხუდონჰესის პროექტის ინვესტორები და რა გამოცდილება გააჩნიათ მათ? ეს არის კითხვა, რომელსაც მუდმივად სვამენ პროექტის ოპონენტები და საზოგადოებაში ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ ინვესტორების შესახებ არავინ არაფერი იცის.
ხუდონის პროექტის განმხორციელებელი კომპანიის "ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას" ინვესტორები მოჰინდერ ვერმა და ბუპენდრა კანსაგრა ქართული მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ისინი საათზე მეტხანს პასუხობდნენ ჟურნალისტების კითხვებს, მათ შორის გამოცდილების შესახებაც.
მსოფლიო მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის დაახლოებით 50-წლიანი გამოცდილება; პროექტები, რომელთა ღირებულება 1,5 მილიარდ აშშ დოლარსაც აჭარბებს; ინდოეთში აშენებული 1500 მეგავატი სიმძლავრის ნატპა ჯაჰრის, ჩამერას, მანერი ბჰალის და სხვა ჰიდროელექტროსადგურები, - ეს არასრული ინფორმაციაა იმ ინვესტორი კომპანიების შესახებ, რომლებიც საქართველოში ხუდონჰესის მშენებლობას გეგმავენ.
"ჩვენ წარმოვადგენთ ინვესტორთა ჯგუფს, რომლებიც გაერთიანდნენ ხუდონის პროექტის განსახორციელებლად. პროექტი რამდენიმე კუთხით შევისწავლეთ, მათ შორის იყო ფინანსური, ტექნიკური და გარემოზე ზემოქმედების საკითხები, ასევე იყო მთავრობის ფაქტორი.
"ჩვენი გუნდის წევრებს გააჩნიათ მაღალი დონის კვალიფიკაცია ჰიდროენერგეტიკული მშენებლობის 50 წლიანი გამოცდილებით, როგორც ინდოეთში, ასევე ახლო აღმოსავლეთში. საქართველოში ხუდონის 702 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა არის პირველი პროექტი, რომელსაც კომპანია ახორციელებს კავკასიაში. დღემდე, ხუდონის პროექტი საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში წარმოადგენს უდიდეს კერძო კაპიტალდაბანდებას ჯამური ინვესტიციის ოდენობით 1,2 მილიარდ აშშ დოლარი.
2005 წელს ვეწვიე პირველად სოფელ ხაიშს მას შემდეგ არაერთხელ ვიყავი ჩასული. 27-ზე მეტი კაშხალი და შესაბამისი ნაგებობა გვაქვს აშენებული... მინდა, დავარწმუნო ყველა, რომ ხუდონის პროექტს სტანდარტების შესაბამისად, უმოკლეს ვადებში და ქვეყნისთვის მინიმალური შესაძლო დანახარჯებით განვახორციელებთ. პროექტში ჩვენი რესურსი ფინანსურის გარდა ტექნიკური კვალიფიკაციაცაა", - განაცხადა მოჰინდერ ვერმამ.
შეგახსენებთ, რომ სვანეთში 702 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროპროექტის მშენებლობას "ტრანსელექტრიკა ჯორჯია" აპირებს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი "ტრანსელექტრიკა ლიმიტედია", "ტრანსელექტრიკას" პარტნიორი ორგანიზაცია კი "კონტინეტალ კონსტრაქშენია".