29-30 მარტს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღვინის ტურიზმის სექტორში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება - ღვინის ტურიზმის მე-6 საერთაშორისო კონფერენცია (www.iwinetc.com) იმართება.
კონფერენცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ გახსნა. ღონისძიების გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიათარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ესწრებოდნენ. ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 13 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი.
„კონფერენციის მიზანია, რომ უცხოელმა ტუროპერატორებმა და ღვინის ტურიზმში ჩართულმა ადამიანებმა მიიღონ ინფორმაცია ქართული ღვინისა და ღვინის ტურიზმის განვითარების პოტენციალის შესახებ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოინახულონ ღვინის საწარმოები. კონფერენციის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანია ქართული ღვინისა და ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციის კუთხით“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია პირველად იმართება საქართველოში და იგი განსაკუთრებით მნიშვნეოვანია ღვინის ინდუსტრიისა და ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციის კუთხით.
,,ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში პირველად იმართება. გასულ წლებში, აღნიშნულ ღონისძიებას ღვინის ტურიზმის წამყვანი ქვეყნები - იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და ხორვატია მასპინძლობდნენ. კონფერენციის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან ღვინის ტურიზმის რუკაზე საქართველო გაჩნდება როგორც მნიშვნელოვანი დანიშნულების ადგილი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ღვინის ტურიზმი ქართული ტურიზმის განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
„ბევრმა არ იცის მსოფლიოში, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო. ღვინო ჩვენთვის არ არის მხოლოდ სასმელი და ყურძენი არ არის მხოლოდ ხილი - ეს არის კულტურისა და ტრადიციის ნაწილი ჩვენი ერისთვის. ვფიქრობ, რომ უკვე წელს ღვინის ტურიზმზე დიდი მოთხოვნა იქნება საქართველოში, რაც ნიშნავს მეტ ტურისტსა და შემოსავალს ქვეყანაში და საქართველოს - როგორც ღვინის ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას“, - განაცხადა გიორგი სიგუამ.
კონფერენციაში მონაწილეობენ ღვინის მაგისტრები, მეღვინეობის სფეროს პროფესიონალები, დარგის სპეციალისტები, უცხოური მედიისა და მსხვილი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები. ღონისძიებას ესწრებიან ღვინის იმპორტიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (კანადა, საფრანგეთი, რუსეთი, იტალია, უკრაინა, შვედეთი, სინგაპური, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები).
კონფერენციაზე ღვინის ტურიზმის ინდუსტრიაში არსებულ ძირითად საკითხებს, სიახლეებსა და ტენდენციებს განიხილავენ. კონფერენციის ინტენსიური პროგრმა მოიცავს მოხსენებებს ღვინის ტურიზმის თემებზე, ღვინის დეგუსტაციებს, სამუშაო შეხვედრებს. ღონისძიების ფარგლებში, ღვინის ტურიზმზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის გაიმართება გაცნობითი ხასიათის ღვინის ტურები საქართველოს რეგიონებში.
საერთაშორისო ტურ-ოპერატორების, ჟურნალისტების, ფოტოგრაფებისა და ბლოგერების მხრიდან კონფერენციის მიმართ დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება. ეს კი, კონფერენციის მონაწილე ქვეყნებს საშუალებას აძლევს, საკუთარი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი უკეთ წარმოაჩინონ და ქვეყანაში ღვინის ტურიზმი განავითარონ. აღნიშნული კონფერენცია კარგი საშუალებაა ქვეყნის მიმართ ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის. ღონისძიების ფარგლებში, ხორციელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული სააგენტოებს, კომპანიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ახალ პარტნიორების მოძიება და კონტაქტების დამყარება.