უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ექსპერტების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა რუსეთის ახალი ენერგოდოქტრინა, რომელიც უახლოესი წლების განმავლობაში მისი მოქმედების სტრატეგიას გულისხმობს.
როგორც ექსპერტები ამბობენ, გარდა ბიზნეს ინტერესებისა, რუსეთი აქტიურად ცდილობს ენერგოდამოკიდებულება აქციოს პოლიტიკურ და გავლენის სფეროს გაძლიერების ინსტრუმენტად, ამიტომ მისი ინტერესი საქართველო არ გახდეს ენერგოდამოუკიდებელი დიდია.
"თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს" წევრი თეონა აქუბარდია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბრისას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში გაკეთებულ ჩანაწერზე აკეთებს აქცენტს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პრიორიტეტულია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება.
"ამ მხრივ მნიშვნელოვანია ენერგომატარებლების მოწოდების წყაროების დივერსიფიკაციის შენარჩუნება. კონცეფციის ჩანაწერის თანახმად, საქართველოს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისთვის ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება სუფთა ენერგიის წყაროების განვითარებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას. იმ ფონზე, როცა რუსეთი აქტიურად იყენებს ენერგეტიკულ ბერკეტებს პოლიტიკური მიზნებისთვის და ამის ნათელი მაგალითია როგორც უკრაინა, ასევე საქართველო, როცა წლების წინ ჩრდილო კავკასიაში მომხდარი ე.წ. დივერსიული აქტის შედეგად ქვეყანა 3 დღის მანძილზე გაზის გარეშე იყო დარჩენილი, მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და რაც მთავარია, მომწოდებლების დივერსიფიცირება. ამ მხრივ საქართველომ მოახერხა ის, რომ რუსულ გაზზე ქვეყანა აღარ არის დამოკიდებული და მოხმარებული გაზის უმეტესი წილი აზერბაიჯანიდანაა მოწოდებული, რაც თავის მხრივ ამცირებს რუსეთის ზეწოლის ბერკეტებს ქვეყანაზე. თუმცა იმ ფონზე, როცა ქვეყნის მთავარი ჰიდროელექტროსადგურის ენგურჰესის მთავარი პუნქტი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა განთავსებული, მიუხედავად იმისა, რომ ომის პერიოდშიც უწყვეტად მიეწოდებოდა ქვეყანას ელექტროენერგია, უპრიანია ამ მხრივაც უსაფრთხოების კონცეფციიდან გამომდინარე, აქცენტირება სუფთა ენერგიის წყაროების განვითარებაზე და წყლის რესურსების ადეკვატური გამოყენება. ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ხუდონჰესი, რომელიც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს. ამიტომ, ადგილობრივ მოსახლეობას კარგად უნდა აუხსნას ხელისუფლებამ ამ პროექტის მნიშვნელობა." _ აცხადებს თეონა აქუბარდია ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას.