შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის ფედერალური ოფისის მიწვევით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შალვა ფიფია შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის მინისტრს იოჰან შნაიდერ-ამანს, შვეიცარიის სოფლის მეურნეობის ფედერალური ოფისის გენერალურ დირექტორს ბერნარდ ლეჰმანს და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
„შეხვედრებზე საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტირების შესაძლებლობების საკითხები განვიხილეთ. ვისაუბრეთ საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, შვეიცარიელ კოლეგებს გავაცანით სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების სტრატეგია და ის ხედვა, რომლის საფუძველზეც არაერთი პროექტი ხორციელდება“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.
ვიზიტის ფარგლებში, ციურიხში, შერეული სავაჭრო პალატისა და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართულ-შვეიცარიული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა თემაზე „Trade and Investment opportunities in Georgia”. ფორუმი შვეიცარიაში საქართველოს ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა და სავაჭრო პალატის მმართველმა დირექტორმა დორით სალისმა გახსნეს. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში ქართულ-შვეიცარიული ბიზნეს-ფორუმი პირველად გაიმართა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პოტენციალი გააცნო და შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.
ბიზნეს-ფორუმზე შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობას ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოში ფედერალური საბჭოს წარმომადგენელი, ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ელჩი ლივია ლუ წარმოადგენდა. ელჩის განცხადებით, 2014 წლის ივნისში, მისი ხელმძღვანელობით, საქართველოში შვეიცარიის ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს დელეგაციის ვიზიტი იგეგმება.
ვიზიტის ფარგლებში, შალვა ფიფიამ შვეიცარიული კომპანია „SWISSGENETICS“, შვეიცარიული რძის პროდუქტების ცნობილი საწარმო „EMMI” და ბერნის კანტონში მდებარე ბიოფერმა დაათვალიერა.