საქართველოს პრეზიდენტი დღეს საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრებს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მთელი რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის, ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დაჩქარების მნიშვნელობის თაობაზე. უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ქვეყნის პირველმა პირმა და საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარემ მილან ცაბრნოხმა ყურადღება საქართველოში სტაბილურობასა და რეგიონალურ უსაფრთხოების შესახებ გაამახვილეს. მათ აგრეთვე იმსჯელეს კონფლიქტების დარეგულირებაში ევროკავშირის მნიშვნელოვან როლზე. საუბარი შეეხო ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურების შესაძლებლობებსაც.
ამას გარდა, შეხვედრის მსვლელობისას, განიხილეს კანონის უზენაესობის, დემოკრატიის განვითარების, უმცირესობათა უფლებებისა და ზოგადად, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები, ასევე საქართველოსა და ევროპას შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ პერიოდში.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე თინა ხიდაშელი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების მიმართულებით ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.