სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გოგი გახარიამ სტუდენტები მიიღო. შეხვედრა სასჯელაღსრულების სამინისტროსა და აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა.
შეხვედრის შემდეგ 16-მა სტუდენტმა სასჯელაღსრულების N1 პირველი დაწესებულება ე.წ. კრიტი დაათვალიერა. მათ მიეცათ საშუალება თავად ენახათ ის გარემო, რომელშიც წლების განმავლობაში მსჯავრდებულები არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ. სტუდენტები სპეციალურ კურსს ადამიანის უფლებათა მონიტორინგი დახურული ტიპის დაწესებულებაში ეუფლებიან, რომლის ფარგლებშიც მათ უკვე დაკეტილი და გაუქმებული დაწესებულების საკნები, სასეირნო ადგილები, ე.წ. კარცერები, სამედიცინო პუნქტები და პაემნების ოთახები დაათვალიერეს.
სტუდენტებს მემორანდუმის ფარგლებში ანალიზისა და შედარებისთვის საშუალება ექნებათ ნახონ და დაათვალიერონ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ამჟამად მოქმედი დაწესებულებები. ისინი უკვე გაეცნენ ადმინისტრაციული დეპარტამენტის და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტების მუშაობის სპეციფიკას. ერთი თვის განმავლობაში კი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების დაწესებულებების, პრობაციის ბიუროებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას შეისწავლიან.