გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, 23-25 მარტს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა PROWEIN 2014 (პროვაინი 2014) იმართება. წელს, აღნიშნულ გამოფენაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი 16 ქართული კომპანია მონაწილეობს.
გამოფენა PROWEIN 2014-ს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი და ასოციაციის „ქართული ღვინო" აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი ესწრებიან.
ყოველწლიური გამოფენა PROWEIN არის წლის მთავარი მოვლენა ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან მათ საშუალება ეძლევათ დაამყარონ ახალი კონტაქტები და მოიძიონ პოტენციური კლიენტები, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს. გამოფენის ფარგლებში იმართება მოლაპარაკებები ექსპორტიორებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს შორის. PROWEIN 2014-ში მონაწილეობით, ქართველ მწარმოებლებს საშუალება მიეცათ საკუთარი პროდუქცია მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი კომპანიების ნაწარმის გვერდით წარმოედგინათ.
ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ღვინის ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და PR კომპანიებთან, ბაზრების კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, აგრეთვე იმ კომპანიების ხელმძღვანელობასთან, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეწევიან დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, პოლონეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ და მოლაპარაკებებს აწარმოებენ იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან ევროპიდან, კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვა ქვეყნებიდან.
PROWEIN 2014-ის დამთვალიერებელთა მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია. ქართულ სტენდზე 16 ქართული კომპანიის: „ბესინი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „კახური“, „თელიანი ველი“, „ქართული ღვინო“, „მეღვინეობა ხარება“, „ბაგრატიონი 1882“, „შატო მუხრანი“, „სარაჯიშვილი“, GWS, „შუხმანის ღვინოები“, „თბილღვინო“, „ვაზიანი“, „დუგლაძის ღვინოები“, „ქინძმარაული“ და „ვაინმენი“ პროდუქციაა წარმოდგენილი.
გამოფენის ფარგლებში გაიმართა ღვინის საერთაშორისო კონკურსი Mundus Vini, სადაც კომპანიების - ,,კორპორაცია ქართული ღვინო“, ,,შატო მუხრანი“ და GWS ღვინოებმა მედლები დაიმსახურეს (სამვარსკვლავიანი შეფასების სისტემაში თითოეულმა მიიღო 1 ვარსკვლავი). Mundus Vini-ის კონკურსზე გამარჯვებული ღვინოების დაგემოვნება სპეციალურ, სადეგუსტაციო პავილიონში იყო შესაძლებელი.
PROWEIN 2014-ზე 50 ქვეყნის 4 ათასზე მეტი მონაწილე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გარდა, გასტრონომიულ ნაწარმს, სავაჭრო და სასტუმრო მომსახურებას სთავაზობს დამთვალიერებელს. ყოველწლიურად გამოფენაზე იკრიბებიან მევენახეობის, მეღვინეობისა და ვაჭრობის სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ გამოფენაში საქართველო 2000 წლიდან მონაწილეობს. თავდაპირველად, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობას მხოლოდ 5 კომპანია იღებდა. PROWEIN-ის გამოფენის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართული კომპანიების მხრიდან ინტერესიც გაიზარდა და დღეს, საქართველოს 16 ადგილობრივი კომპანია წარმოადგენს.