რატომ გვაშინებს ჰესები და განვითარება?

რატომ გვაშინებს ჰესები და განვითარება?

უკვე წლებია, უფრო ზუსტად კი მრავალი წელი, რაც საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა არ ცხრება. არჩევნებიდან-არჩევნებამდე პოლიტიკური მხარეები ერთმანეთის ლანძღვა-ქილიკით, ხოლო საზოგადოება მოქმედი თუ ყოფილი მთავრობის კრიტიკით ცხოვრობს. ამასობაში კი გვერდით გვეპარება ყველაზე ძვირფასი - დრო, რომელიც ჩვენისთანა ქვეყანას არა თუ დასაკარგი, სანთლით საძებარი აქვს. სანახაობის ამარა დარჩენილი ხალხი, ხვალ თუ არა ზეგ, აუცილებლად მოითხოვს პურს, რომლის მოყვანაზე წესით ახლა უკვე უნდა ვზრუნავდეთ.

ორი დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის ურთიერთბრალდებებზე მეტად (რომელიც მრავალჯერ გვაქვს გაგონილი), წესით ახლა ის უფრო უნდა გვაინტერესებდეს, ეკონომიკური განვითარების რა პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას და რა უნდა გაკეთდეს მისი რეალიზებისთვის, მითუმეტეს მაშინ როდესაც ესე გამძაფრებულია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და თითოეულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაშინ როდესაც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას ივნისამდე უნდა მოვაწეროთ ხელი. Dდა ამ დროს ჩვენთან რა ხდება?  ზოგადი თეზისები და დაპირებები, ერთმანეთის შეურაცხყოფა და მუდმივად იმის ძახილი რომ ვიღაცა საკუთარ ქვეყანას ღალატობს. ცხარე დისკუსია პოლიტიკოსთა შეურაცხმყოფელი გამონათქვამების, შეფასებების ირგვლივ კი არ უნდა იმართებოდეს, არამედ იმის შესახებ, თუ რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ესა თუ ის მსხვილი საინვესტიციო, ინფრასტრუქტურული პროექტი და როგორ შეიძლება მისი განხორციელება, ახლო ან ხანგრძლივ პერსპექტივაში და როგორ აისახება ის კონკრეტული მოქალაქის კეთილდღეობაზე მზარდ მსოფლიოში, როდესაც პოლიტიკური ზეწოლა ენერგეტიკაზე გადის და ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ თვითკმარი ენერგეტიკული ბალანსი ქონდეს და რას არ აკეთებენ რომ ენერგეტიკულად არ იყვნენ სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული, ამ დროს საქართველოს რომელსაც ყველა პირობა აქვს გახდეს ენერგოდამოუკიდებელი სწორედ წყალსაცავიანი ჰესებისა და ზოგადად ჰიდროენერგეტიკის განვითარების ხარჯზე, უბრალოდ უფლებვა არ აქვს ეს შანსი და რეალობა არ გამოიყენოს.  დღეს თუ არა ხვალ, კიდევ ერთხელ აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის აუცილებლობა. მოსახლეობა ისევ ალაპარაკდება პენსიების გაზრდის აუცილებლობაზე, რომელიც ახლა საარსებო მინიმუმი და თავის გადარჩენის გზა უფროა, ვიდრე ღისეულის სიბერის უზრუნველყოფის საშუალება. პენსიების ზრდა კი ქვეყნის ბიუჯეტის ზრდის გარეშე წარმოუდგენელია. ბიუჯეტი კი ეკონომიკის განვითარებამ უნდა გაზარდოს, რომელიც თავის მხრივ, კერძო სექტორის განვითარებაზეა დამოკიდებული. ეს უკანასკნელი კი, ადგილობრივ ან უცხოურ ინვესტიციაზე. მაგრამ, ხშირად ისე გვჭირს, რომ ინვესტიცია კარს მოგვდგომია, მაგრამ ყველაფრის უკან “შავ ხელს” ვხედავთ. ყველა სიახლესა და ინოვაციაში ნეგატივის დანახვა, რატომღაც წესად იქცა. რაც ყველაზე ცუდია, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ისე უპირისპირდება სიახლეს, რომ ინფორმაციაც კი არ აქვს, რაზე ამბობს უარს. თითქოს მოვალეობად თვლიან, რომ სიახლეს უნდა შეეწინააღმდეგონ და გააზრებულიც არ აქვთ, თუნდაც მხოლოდ პროცესების დამუხრუჭებით, რა მოცულობის ზიანს აყენებენ ქვეყანას, საკუთარ თავს, გარშემომყოფებს. იქ, სადაც ინფორმაციის სიმცირის და გაუცნობიერებლობის პრობლემა არ დგას, გამოდის რომ სხვა, ჩრდილოვანი ინტერსებია, რომელიც ხელს უშლის პროგრესს. ამასობაში კი ქვეყანა განვითარების მაგიერ ერთ ადგილს ტკეპნის და გვეხარბება სხვა ქვეყნების წინსვლა და ეკონომიკური კეთილდღეობა.

შორს რომ არ წავიდეთ და ახალი ველოსიპედის გამოგნება არ დავიწყოთ, სხვა წარმატებული და განვითარებული ქვეყნების მაგალითი უნდა გავიზიაროთ. ფორმულა მარტივია, გონივრულად, სარფიანად და რაც მთავარია ქვეყნისთვის სასიკეთოდ, მაქსიმალურად უნდა გამოიყენო რესურსი, რომელიც ბუნებამ გვიბოძა. მართალია, საქართველოში არც ბუნებრივი აირი გვაქვს და არც ნავთობი, მაგრამ გვაქვს წყალი, რომელიც შეგვიძლია ჩვენს ფასდაუდებელ დოვლათად ვაქციოთ. ჰიდრორესურსების ათვისებით საქართველოს შეუძლია საკუთარი ენერგოდამოუკიდებლობა უზრუნველყოს და საექსპორტო ბაზრებზეც გავიდეს. თუმცა მავანნი, რომელთაც პრეტენზია აქვს ეკონომიკაზე იმას უყიჟინებენ საზოგადოებას, რომ რა მოხდა თუ ჩვენი ენერგია არ გვექნებს აგერ იმპორტს შემოვიტანთ მეზობელი ქვეყნებიდანო და ჩვენი მეზობელი ვინ არის? Aნუ ისევ რუსულ ინტერესებზე ვასხავთ წყალს.

ელექტროენერგიის საექსპროტო პოტენციალის გაზრდა პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს ენერგეტიკის სექტორის, ეკონომიკის განვითარებას და ბიუჯეტის ზრდას. ამ მიმართულებით ყველაზე მასშტაბური პროექტი ხუდონჰესია, რომელიც ბოლო პერიოდში განსჯის საგნად იქცა. ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის ადგება საქმეს, მაგრამ ბრმა წინააღმდეგობა მხოლოდ კერძო მერკანტილურ ინტერესებს ემსახურება. ვის არ აძლევს ხელს ქვეყნის განვითარება და ენერგოდამოუკიდებლობა და რატომ ხდება, რომ ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეები ჩნდებიან იქ, სადაც მათი აუცილებლობა დგება? მესტიის გარდა, ჰესის მშენებლობას მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი აპროტესტებს ხულოში. და ეს მიუხედავად იმისა, რომ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის თანახმად ეს ჰესი აბსოლუტურად უვნებელია. პერიოდულად გამოსვლები იმართება ყაზბეგშიც, სადაც ასევე ჰესი შენდება და პროექტი აქაც ეკოლოგიურად უსაფრთხოა. ზოგადად, ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როცა საზოგადოების ნაწილი ბოლომდე ვერ აცნობიერებს რას და რატომ ეწინააღმდეგება და რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ ვიღაც ბრმა იარაღად იყენებს. სიანტერესოა ვის წისქვილზე ვასხამთ წყალს?!