ამასთან დაკავშირებით, 2014 წლის 22-23 მარტს საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს ხელშეწყობით ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაში, რომელიც ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში ტარდება, სამინისტროს ოფიციალური პირები, ევროპის საბჭოს საერთაშორისო კონსულტანტი, ექსპერტები და პროექტის გუნდი მონაწილეობდნენ.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იმ კანონქვემდებარე აქტების მომზადება იყო, რომლებიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიცირებით შედის „პატიმრობის კოდექსში“ . შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სტანდარტები, ძირითადი პრინციპები და ევროპული გამოცდილება, რომელთა დაცვით და გათვალისწინებითაც უნდა შემუშავდეს სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესები და პირობები; აკრძალული ზოლის განსაზღვრის წესი გაქცევის შემთხვევაში, ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობის წესები, ასევე, პირების გადაყვანის/ბადრაგირების დროს, უსაფრთხოების ზომების გამოყენების წესები და პირობები.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე მიიჩნევს, რომ პატიმრობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით მსჯავრდებულთა უფლებები გაუმჯობესდება.
„ვგეგმავთ შემოვიღოთ ის სპეციალური საშუალებები, რომელთა გამოყენებაც დაშვებულია საერთაშორისო სტანდარტებით. იმ რეგულაციებზე, რაც სჭირდება სპეციალური საშუალებების გამოყენებას ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად ვსჯელობთ. ჩვენი თანამშრომლები გადამზადდებიან და ეცოდინებათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად როგორ გამოიყენონ ესა თუ ის სპეციალური საშუალება“, _ აცხადებს გრიგოლ გიორგაძე.
„ბელგიისა და საქართვლოს სასჯელაღსრულების სისტემები განსხვავებულია. თუნდაც იმით, რომ მასობრივი მღელვარების დროს ჩვენ პოლიციის ძალას ვიყენებთ, საქართველოს კანონმდებლობაში კი ასეთი რამ არ არის გათვალისწინებული.
ჩვენ შეიძლება კანონში ჩავწეროთ, რომ გვექნება ცრემლსადენი გაზი, მაგრამ მთავარია დეტალურად გაიწეროს წესები რა ვითარებაში, რა დროს და რა ფორმით უნდა გამოვიყენოთ სპეცსაშუალებები. თუ ეს ყველაფერ გაკეთდება, მაშინ ყველაფერი შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან“, _ აცხადებს იურგენ ვან პუკე, ევროპის საბჭოს ექსპერტი, ბელგიის ქ. ბრიუგეს ციხის დირექტორი.
„გავეცანი საკანონმდებლო ცვლილებების რამდენიმე ვარიანტს და ვიცი, რომ ეს ცლილებების პარალამენტში უკვე მეორე მოსმენით განიხილება. ვიმედოვნებ, რომ „პატიმრობის კოდექსის“ საბოლოო ვარიანტი შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან“, _ აცხადებს ევროკავშირის პროექტის ექსპერტი, ესტონელი პიტერ ნაკსი.