როგორც ეკომონიკის ექსპერტებმა “პირველ პრესკლუბში” განაცხადეს, ბაზარზე რომელიმე კერძო კომპანიის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების პრაქტიკა კვლავ გრძელდება.
მათივე თქმით, ამის ნათელი მაგალითია თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის (გეზ) საქმიანობა, ასევე, იგივე მდგომარეობაა ქალაქ ფოთში, სადაც იმპორტირებული ავტომობილების სატერმინალო მომსახურება ხორციელდება „გეზ“-თან არსებულ ერთ კონკრეტულ ტერმინალში.
“ბატონო პრემიერო, ჩვენ გავეცანით ლოგისტიკური დარგის წინაშე არსებულ პრობლემებს, რომელთა გადაჭრის თხოვნითაც 40 ზე მეტმა კომპანიამ თქვენ და პარლამენტის თავმჯდომარეს საჯარო ფორმით მოგმართათ. მიგვაჩნია, რომ ეს პრობლემები სისტემურ ხასიათს ატარებს.
საქმე ის გახლავთ, რომ დღემდე გრძელდება წინა ხელისუფლების პერიოდში ჩამოყალიბებული პრაქტიკა, როცა სახელმწიფო უწყებების თუ მაღალი რანგის ჩინოვნიკების მხრიდან ზეპირი მითითებების საფუძველზე ხორციელდება ბიზნესში უხეში ჩარევა და ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) სასარგებლოდ, ზოგ შემთხვევაში კი ბაზარზე ერთი რომელიმე კერძო კომპანიის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება.
ამის ნათელი მაგალითია თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის (გეზ) საქმიანობა, როცა მხოლოდ იქ ხდება იმპორტირებული ტვირთების დამუშავება, ხოლო ანალოგიური საქმიანობის ნებართვის მქონე კერძო კომპანიები უბრალოდ გაქრნენ ბაზრიდან. 2011 წლიდან მოყოლებული ბაზარზე მოქმედი 60 ზე მეტი კომპანიიდან მხოლოდ ორია დარჩენილი და ისინიც მხოლოდ იმიტომ ახერხებენ საქმიანობის გაგრძელებას, რომ გააჩნიათ გარკვეული სასაწყობო მეურნეობები.
იგივე მდგომარეობაა ქალაქ ფოთში, სადაც იმპორტირებული ავტომობილების სატერმინალო მომსახურება ხორციელდება „გეზ“-თან არსებულ ერთ კონკრეტულ ტერმინალში. ცხადია, ეს ხდება ზეპირი მითითების საფუძველზე და ამას არანაირი საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული საფუძველი არ გააჩნია. იმავე უფლებების და ისეთივე ინფრასტრუქტურის მქონე სხვა ტერმინალში
ამ ტიპის ტვირთის დამუშავების მცდელობისას, მას მებაჟე, უბრალოდ არ ემსახურება.
დარგის წარმომადგენელი 40-ზე მეტი კომპანია ხედავს უფრო დიდ საშიშროებას, რაც შესაძლოა, ბაზრიდან მათი გაქრობის წინაპირობა გახდეს. მათი საჯარო განცხადების მიხედვით, ფოთში მიმდინარეობს წინარე სამუშაოები, რომლებშიც მონაწილეობენ ფოთის ნავსადგურის მფლობელი კომპანიის საკუთრებაში არსებული „ეიპიემს ტერმინალს ფოთი“ და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები. მათ მიერ ერთობლივად გამართულ თათბირებზე თუ ე.წ. სამუშაო შეხვედრებზე ყველა სხვა დანარჩენ სატერმინალო ლოგისტიკურ კომპანიას ეცნობება, რომ მიმდინარე წლის მაისიდან მხოლოდ „ეიპიემს ტერმინალს ფოთი“ მოახდენს ტვირთების გამარტივებული წესით დამუშავებას. ეს ნიშნავს, რომ დარგში პირდაპირ დასაქმებული 5000-ზე მეტი ადამიანი ფოთში დარჩება უმუშევარი, ასევე უმუშევარი დარჩება არაპირდაპირ დასაქმებული 2000-ზე მეტი ადამიანი, სანაცვლოდ შეიქმნება მაქსიმუმ 500 სამუშაო ადგილი. „ეიპიემს ტერმინალს ფოთის“ მხრიდან მომსახურების მონოპოლიზების მცდელობა გრძელდება, რამდენადაც საზღვაო ხაზების წარმომადგენლებთან სულ ახლახანს გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე „ეიპიემს ტერმინალს ფოთის“ წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ჩააყენეს საქმის კურსში საერთაშორისო საზღვაო ხაზები, რომ მიმდინარე წლის მაისიდან ფოთში გამარტივებული წესით სატერმინალო მომსახურება განხორციელდება მხოლოდ მათ კუთვნილ ტერმინალში და არსად სხვაგან. რა აძლევს მათ ასეთი თამამი, უაპელაციო, საღ აზრს მოკლებული და მონოპოლისტური განცხადებების კეთების საფუძველს, ჩვენთვის უცნობია.
ბატონო პრემიერო, ეს არის საკითხის კონკრეტული და ლოკალური მხარე. მაგრამ თავშივე აღვნიშნეთ, რომ პრობლემა სისტემური ხასიათისაა. რას ვგულისხმობთ? – საქმე ის გახლავთ და მთავარი ის არის, სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხებზე წაყრუებით, ნებსით თუ უნებლიედ, ორღვევა კონსტიტუცია. ასეა, როცა ეკონომიკური თუ დარგობრივი პოლიტიკის შემუშავების ნაცვლად, ესა თუ ის სამინისტრო და მისი ქვემდებარე სსიპ-ი თავად ხდება ბაზარზე მოთამაშე ეკონომიკური სუბიექტი და ეწევა სამეურნეო საქმიანობას.
ასე ხდება, როცა სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავად ყიდულობს ვაქცინებს, როცა განსახლების სამინისტრო თავად აშენებს სახლებს, როცა ინფრასტრუქტურის სამინისტრო თავად ასრულებს სამშენებლო კომპანიის ფუნქციას და ა.შ.
ლოგისტიკოსების შემთხვევაშიც პრობლემა ანალოგიურია. ფინანსთა სამინისტრო საკუთარი მომსახურებით ანაცვლებს კერძო ბიზნესს და ხდება მისი კონკურენტი.
ბატონო პერმიერო, დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ, ისევე როგორც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს, კარგად გესმით, რომ ეს არ არის საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის. ეს არ არის კონკურენციის ხელშეწყობა. ეს არ არის თქვენი მთავრობის მიერ დეკლარირებული ბაზარზე თავისუფალი დაშვების პრიმატის განხორციელება.
ეს პრაქტიკა ბიზნესს ვერ განავითარებს. ამ პრაქტიკით მუდმივად იქნება ხელოვნური მონოპოლიების შექმნის და სახელმწიფოს მხრიდან ამ მონოპოლიების უკანონო ხელშეწყობის საფრთხე.
მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ გადასახედია ე.წ. სსიპ-ების ინსტიტუტი. სამინისტროები არ უნდა იყვნენ სსიპ-ებისგან დაფინანსების მიმღებნი. უკიდურეს შემთხვევაში სსიპ-ებიდან მიღებული შემოსავლები პირდაპირ უნდა მიიქცეს არა ამა თუ იმ სამინისტროს, არამედ ქვეყნის ბიუჯეტში, თან ისე, რომ მკაცრი ზედამხედველობა განხორციელდეს, რათა ჩამოყალიბდეს სსიპ–ებსა და კერძო ბიზნეს შორის რეალური, ჯანსაღი, თანაბარ პირობებზე დაფუძნებული კონკურენტული გარემო. თუმცა, ესეც მხოლოდ ნახევარი ნაბიჯი იქნება, მაგრამ იმაზე უკეთესი მაინც, ვიდრე დღეს არსებული ვითარებაა. სხვა შემთხვევაში, ხელის გადაგრეხვის პრინციპით ბიზნესთან ურთიერთობა, სიკეთეს ვერ მოიტანს.
არსებული ვითარების ამხსნელი არაოფიციალური არგუმენტია ის, რომ შემოსავლების სამსახურს ერთ სუბიექტთან ურთიერთობისას უადვილდება ადმინისტრირება, რომ ამ შემთხვევაში, მისთვის რისკები კლებულობს, რომ სსიპ–ების ჩამოყალიბებისას ამ პროექტში გარკვეული სახელმწიფო სახსრები დაბანდდა. გასაგებია, მაგრამ ეს ხომ ნორმალური ფორმატი არ არის. ეს ემსგავსება მგლის შიშით ცხვრის ფარის დახოცვის პრინციპს და ამაზე დაფიქრება და კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა დღესვეა საჭირო.
ეკონომიკის ექსპერტთა კლუბმა თავის სხდომაზე მოუსმინა ბიზნესმენებს და განიხილა პრობლემა. კლუბი ბიზნესმენების პოზიციას დასაბუთებულად მიიჩნევს და მოგმართავთ თქვენ თხოვნით, როგორც ხალხის ნების ამსახველი ხელისუფლების პირველმა პირმა, ორიენტირებულმა ბიზნეს–გარემოს გაუმჯობესებასა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნაზე, განიხილოთ პრობლემა და უზრუნველყოთ მისი გადაწყვეტა ბიზნესისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.
იმედს გამოვთქვამთ, რომ მთავრობა და პირადად თქვენ, სრულად და მასშტაბურად დაინახავთ აღნიშნულ უმნიშვნელოვანეს სისტემურ პრობლემას და შესაბამის გადაწყვეტილებებსაც არ დააყოვნებთ”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკის ექსპერტთა კლუბის სახელით, ხელს აწერენ ლევან კალანდაძე („საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ ხელმძღვანელი), ირაკლი ლექვინაძე (საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის „ჯორჯიან ბიზნეს ინსაითის“ ხელმძღვანელი), ემზარ ჯგერენაია (ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი), ვაჟა ბერიძე (დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წ.ევრი)