21 მარტს, 12:00 საათზე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება მედიასემინარი თემაზე: „ლოგისტიკა - ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულება“.
რა ტენდენციები შეიმჩნევა ლოგისტიკის განვითარების კუთხით საქართველოში, როგორია ქვეყანაში ტვირთბრუნვის დინამიკა, ლოგისტიკის მნიშვნელობა ქართული ეკონომიკისათვის, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს დარგის განვითარებამ სახელმწიფოს, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მიზნებსა და ამოცანებზე, დაგეგმილ აქტივობებზე, გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე. სპეციალურ პრეზენტაციას გამართავენ გიორგი დობორჯგინიძე, საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის (GLA) თავმჯდომარე, გიორგი ერისთავი, GLA-ს დირექტორთა საბჭოს წევრი, სოფო ჯაფარიძე, GLA-ს აღმასრულებელი დირექტორი) და ფილიპ სავიო, Supply Chain Council.
დასასრულს გაიმართება დისკუსია.
საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის (GLA) თავმჯდომარის, გიორგი დობორჯგინიძის თქმით,
ლოგისტიკა საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი წილი ქვეყნის მთლიანი შიდა
პროდუქტის 12 პროცენტს შეადგენს. სექტორის განვითარება საქართველოს გლობალურ ლოგისტიკურ ქსელში ინტეგრაციის და მისი მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან ეფექტურ დაკავშირების წინაპირობაა. განვითარებული ლოგისტიკა განაპირობებს მაღალი ხარისხის სერვისს, იაფ და ეფექტურ მიწოდების ქსელს, რაც კონკურენტუნარიანობის ამაღლების აუცილებელი მოთხოვნაა, როგორც მთლიანად საქართველოსთვის, ასევე ქვეყანაში მოქმედი წარმოებისთვის.
მედია სემინარის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან: USAID / HICD PLUS (ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტი); საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია.
საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია (GLA) 2011 წელს დაარსდა და წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას ლოგისტიკური, სატრანსპორტო და მიწოდების ჯაჭვის მართვის სფეროში. მისი წევრები არიან სატრანსპორტო/ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის სფეროებში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები. 2013 წლის ბოლოდან GLA აშშ-ს ორგანიზაცია- Supply Chain Council-ის (SCC) წარმომადგენელია საქართველოში, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოში მოღვაწე კომპანიებში ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის პროცესების ეფექტიანობის ამაღლება საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით და მსოფლიოში არსებული მოწინავე გამოცდილების გაზიარებით.