დღეს მთავრობის სხდომაზე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს და მოიწონეს.
აღნიშნულ კანონს ემატება პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ მსჯავრდებულს საქართველოს ტერიტორიაზე არ გააჩნია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული მისამართი, სასამართლო (ან პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისია ან კიდევ ადგილობრივი საბჭო) ვალდებულია აღსრულების აქტში მიუთითოს, რომელ პრობაციის ბიუროში უნდა გამოცხადდეს მსჯავრდებული.
აქამდე არსებობდა საკანონმდებლო ხარვეზი, რის გამოც პირობით ვადამდე გათავისუფლებული უმისამართო, იძულებით გადაადგილებული პირებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ პრობაციის ბიურო ვერ ახორციელებდა აღსრულებას. სასამართლოს (ან პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის ან კიდევ ადგილობრივი საბჭოს) გადაწყვეტილება ვერ სრულდებოდა იმის გამო, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს შეეძლო თავისუფლად გადაადგილება, საზღვრის გადაკვეთა და მასზე ძებნა ვერ ცხადდებოდა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით ეს ხარვეზი სწორდება.