ვიცე პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, გარკვეული ჯგუფი მსხვილ ენერგოპროექტებთან დაკავშირებით მოსახლეობაში სპეციალურად ეწეოდეს საწინააღმდეგო პროპაგანდას. მინისტრი ამას ან პირადი ანგარებით, ან არაკვალიფიციურობით ხსნის:
"მსხვილ ენერგო პროექტებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, გარკვეულწილად, მართლაც ჰგავს ერთმანეთს. ყველა შემთხვევა სპეციფიურია, მაგრამ ჰგავს ხელწერა. თითოეულ ამ შემთხვევაში მოსახლეობა საუბრობს ისეთი ტერმინებით და ფრაზებით, რომ აშკარად ჩანს, მათ უკან რაღაც დამრიგებელი ძალა, რომელიც მათ ასწავლის თუ როგორ უნდა მოიქცნენ. მოსახლეობას აქვს კონსტიტუციური უფლება, გამოხატოს პროტესტი კანონით დაშვებულ ფარგლებში ნებისმიერ საკითხზე. შესაბამისად, სახელმწიფოსაც აქვს უფლება, ნებისმიერი უკანონო ქმედება აღკვეთოს კანონის ფარგლებში. ეს ამდენწლიანი შიშის და უკანონობის დემონსტრირების შემდეგ, ჯერ შეუჩვეველი მოვლენაა და არ გამოვრიცხავ ხალხში შიშის დაძლევის პროცესი ვინმემ თავისი ვიწრო ინტერესების გათვალისწინებით წარმართოს.
სამწუხაროდ, არის ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკოსებშიც და არასამთავრობოებშიც ისეთი მცირე ნაწილი, რომლებსაც ან პირადი ანგარებითი ინტერესი ამოძრავებს, ან კვალიფიკაცია აკლიათ. მათ აქვთ მხოლოდ ერთი მიზანი - გააჩერონ პროექტი და ამას თვლიან საკუთარ წარმატებად, ყურადღების მიქცევის საშუალებად. არის შემთხვევები, როდესაც არასამთავრობოების წარმომადგენლები, ან რეპუტაციაშელახული პოლიტიკოსები მედიით გამოჩენის მიზნით განზრახ აკეთებენ სკანდალურ განცხადებებს.
დღეს, ხელისუფლება ისე თანამშრომლობს ხალხთან, როგორც არასდროს თითოეული ადამიანის ინტერესი საერთაშორისო ნორმების შესაბამისადაა გათვალისწინებული ჩვენი მხრიდან, ჩვენი სახელმწიფო გახდა ცივილური, ძალისმიერი უკანონო მეთოდებით და შიშით ხალხთან ლაპარაკის დრო წარსულს ჩაბარდა. შესაბამისად, მოსახლეობაც მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს და გააცნობიეროს ახალი, მისთვის სასარგებლო და პროდუქტიული ახალი რეალობა." _ აცხადებს კახა კალაძე სააგენტო "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.