საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის წარმომადგენლები ესპანეთში, ქ.სარაგოსაში გამართულ წყლისა და ირიგაციის საერთაშორისო გამოფენას “SMAGUA 2014-ს” დაესწრნენ. გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 754 კომპანიის მიერ, წარმოდგენილი იყო თანამედროვე ტექნოლოგიები ეკოლოგიასა და წყლის ინდუსტრიაში. აღნიშნული გამოფენა ყოველწლიურად იმართება და მას 32 ათასზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.
ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა ვაჟა კირტავამ მსოფლიოს წამყვანი საირიგაციო სისტემების კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები და მოლაპარაკებები გამართა.
შეხვედრებზე, საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში სარწყავი და სადრენჟე სისტემების მოწესრიგების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ის პროექტები, რომლებსაც ახლო მომავალში საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით განახორციელებს.
„გამოცდილების გაზიარებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის თვალსაზრისით, აღნიშნული ვიზიტი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ მოგვეცა კარგი საშუალება გვენახა ირიგაციის უახლოესი მიღწევები და დაგვემყარებინა კარგი კონტაქტები ამ სფეროში მოღვაწე უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა ვაჟა კირტავამ.