გიორგი ბადაშვილი "პირWელთან" ექსკლუზიურად ადასტურებს, რომ გარკვეული კატეგორიის დანაშაულებზე საპროცესო შეთანხმება აღარ გაფორმდება.
სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციას გარკვეულად კარგი შედეგი ჰქონდა და ეს პროცესი წარმატებით გრძელდება, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე არსებობს დანაშაულთა კატეგორიები, რომელთა კლებაც წინა წლებთან შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობს, სწორედ ამგვარი კატეგორიის დანაშაული წარმოადგენს ჩვენ სამიზნეს, როდესაც ქვეყანაში არსებობს საამისო ბერკეტი და სამართლებრივი შესაძლებლობა, პროკურატურამ წამყვანი როლი უნდა შეასრულოს დანაშაულის კლების ხელშეწყობისათვის. დანაშაულის პრევენციის მიზნით მეტი ეფექტურობის მისაღებად ვგეგმავთ საზოგადოების ინფორმირებას დანაშაულის არსზე და შემდგომ მიდგომებზე, პირადად ჩემი ინიციატივით მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვემკაცრებინა მიდგომები კონკრეტულ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, როგორც თქვენთვის ცნობილია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებობს საპროცესო შეთანხმების ცნება, რაც სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველს წარმოადგენს. ამ მიმართულებით განსაკუთრებით ნარკოდანაშაულის ასევე, სხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულის, როგორიცაა ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და სხვა ძალადობრივი დანაშაული ჩამდენ პირებთან მიმართებაში. ახალი ინიციატივის ფარგლებში ვამკაცრებთ საპროცესო შეთანხმების დროს შეთავაზებულ სასჯელის სახეს და ზომებს. უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, თუ წინა პერიოდში პირი, რომელიც ამგვარი დანაშაულის ჩადენისთვის იქნებოდა ბრალდებული, ხშირ შემთხვევაში პირობითი სასჯელითა და ჯარიმით კმაყოფილდებოდა, ანუ დაკავებული სახლში მიდიოდა და სასჯელს პირობით იხდიდა, ახლა ეს პრაქტიკა შეიცვალა რეალური საპატიმრო სასჯელით, თავისუფლების აღკვეთით, რაც საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდგომ ბრალდებულის გარკვეული პერიოდით პატიმრობაში დარჩენას გულისხმობს. ეს ინიციატივა რა თქმა უნდა, თავისი არსით არ იქნება მუდმივი, მისი მიზანია, დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ ზემოქმედება, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ანუ პროკურატურა საპროცესო შეთანხმებებს აღარ აფორმებს სასჯელის სხვა სახეების გამოყენებით?
მინდა, აღვნიშნო და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თითოეული დანაშაული პროკურატურის მიერ განხილული იქნება ინდივიდუალურად, დამნაშავეზე შეკრებილი იქნება ცნობები მისი პიროვნების, ოჯახური მდგომარეობისა და წარსულში ნასამართლობის შესახებ, არის თუ არა ნასამართლევი ანალოგიური ან სხვა ბრალდებით და ა.შ. მხოლოდ აღნიშნული ცნობების გაანალიზების, დანაშაულის ჩადენის მიზნისა და მოტივის დადგენის შემდგომ მოხდება გადაწყვეტა, თუ რა სასჯელის ზომა და სახე იქნება ადეკვატური ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს. ხშირად ისმება კითხვა, რატომ უნდა დაისაჯოს “მარიხუანას” მომხმარებელი ისევე, როგორც სხვა უფრო ძლიერმოქმედი ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი ან გამსაღებელი, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება. ზუსტად ამიტომ ვისაუბრე ინდივიდუალურ მიდგომებზე, ხოლო რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერების გამსაღებლებს, მათ საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდებათ და ისინი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. ასევე, სამწუხაროა, როდესაც ვაწყდებით დანაშაულის განმეორებით ჩადენის ფაქტებს ისეთი პირების მიერ, რომლებიც წინა წლებში იქნენ შეწყალებულნი, მათ მიეცათ შესაძლებლობა რათა მოეხდინათ თავის რესოციალიზაცია და თუ ამგვარი შესაძლებლობა პირმა ვერ გამოიყენა და კვლავ მიმართული იქნა საზოგადოებრივი მართლწესრიგის დარღვევისა და დანაშაულის ჩადენისკენ, ასეთ შემთხვევაში სასჯელი რა თქმა უნდა, მათ მიმართაც მკაცრი იქნება.
ეს გამკაცრება ხომ არ გამოიწვია იმან, რომ ნარკოდანაშაულების სტატისტიკა გაიზარდა?
ეს ასე ნამდვილად არ არის. წინა წლებთან შედარებით ნარკოდანაშაულები შემცირებულია, მართალია მცირე მაჩვენებელით, თუმცა ეს ტენდეცია მიმდინარეობს. სწორედ ეს გახდა პროკურატურის ამ მიმართულებით გააქტიურების საფუძველი, დღეს პროკურატურის, პირადად ჩემი და თითოეული სამართალდამცავის მიზანია დანაშაულის კლება იყოს საზოგადოებისათვის შესამჩნევი რაც შეიძლება მოკლე ვადებში, მინდა, საზოგადოებამ თავი იგრძნოს დაცულად. თუ ამას დავუმატებთ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებას სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარებისკენ ნარკო და სხვა დანაშაულთან ბრძოლაში, დარწმუნებული ვარ, შედეგი გარდაუვალი იქნება.
ბოლო დროს საზოგადოებაში აქტიურად განიხილება ახალი ნივთიერება „ბიოს“ და მისი მომხმარებლების საკითხი, ამ საკითხზე რა პოზიცია აქვს პროკურატურას?
მალე კანონში შევა ცვლილება და ის ნივთიერებები, რომლებიც მავნე ემოციურ ზემოქმედებას იწვევენ, მიიღებენ ფსიქოაქტიური ნივთიერებების სტატუსს. ეს ეხება პირველ რიგში, ე.წ. „ბიოს“. ფსიქოაქტიური ნივთიერებები კი ჩვენს ქვეყანაში დასჯადია და როგორც უკვე გითხარით, ამ კუთხით პოლიტიკა საკმაოდ გამკაცრდა.