„უნიტაზი“ – „ჰაინეკენის“ საუკეთესო რეკლამა

„უნიტაზი“ – „ჰაინეკენის“ საუკეთესო რეკლამა

სიცხისგან მოქანცული ვერის ბაღში შევდივარ. ვის არ ახსოვს აქაური, ჩვეული კოლორიტი: მოწუწავე ბავშვები, „ბალელშიკების“ „ბირჟა“, პენსიონერები, რომელთაც კარგა ხანია ყველა სფერო განაწილებული აქვთ - ზოგი ჭადრაკის პროფესორია, ზოგი ნარდს აგორებს, ზოგი პრეზიდენტობაზეც არ იტყოდა უარს. და... თავი ჰოლივუდის პავილიონში მგონია - სახელდახელოდ მოწყობილი „ლუდრინგი“, „ჰაინეკენის“ და „ბლიდლინგ ლაგერის“ პლაკატები, „ქანთრის“ ჰანგები...

ყველანი რაღაცის სამზადისში არიან. „პივისტებს“ პენსიონერები „შეუვიწროვებიათ“ და ლუდის დღესასწაულს აწყობენ. ეტყობა, ხვალ, 26 მაისს, მძიმე პოლიტიკური დღე იქნება, ლუდი კი პოლიტიკური ბახუსიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალებაა. „ლუდისტებს“ შორის ვის არ იხილავთ: ქალაქის პოლიციის შეფი დემურ მიქაძეც კი აქ ბრძანდება. პოლიციელისთვის დამახასიათებელი ინტუიციით ჩემს გაკვირვებულ მზერას ამჩნევს და მამშვიდებს: „ლუდს ღვინო მირჩევნია. აქ უბრალოდ, ცნობისმოყვარეობამ მომიყვანა“.

ცოტა ხანში დღესასწაული „გახურდა“, ხალხმა იმატა. მონაწილეთა შორის ბევრი მანქანიანიც იქნება და მინდა ვიყვირო: „ფრთხილად, მძღოლებო! - საგზაო პოლიციის შეფი ლევან კენჭაძეც აქ ბრძანდება! ვინ იცის, რომელ გადასახვევთან „ჩაგისაფრდებათ!“

დადგა ჟამი განსაცდელისა. „ლუდრინგზე“ მძიმე წონის „ლუდომანებს“ იწვევენ. „ჰაინეკენის“ ღირსებას 100-კილოგრამიანი ბესარიონ ჯინჭარაძე იცავს, „ბლიდლინგ ლაგერისას“ – 130 კილოგრამიანი ვასილ ასანიძე. ხუთ კათხა ლუდს ვინც უფრო სწრაფად დალევს, გამარჯვებულიც ის იქნება. მსაჯების ირმასა და ლანას ნიშანზე „ლუდსმენები“ ორთაბრძოლას იწყებენ.

ბესო ჯინჭარაძე ოთხი კათხა ლუდის შემდეგ თამაშიდან ვარდება - ვასილ ასანიძემ უკვე ხუთივე კათხაში „გვალვა“ გააჩინა. ისე, არც ამ უკანასკნელს ადგება კარგი დღე. ინტერვიუზე სასტიკ უარს აცხადებს და რინგიდან გაურკვეველი მიმართულებით უჩინარდება. პროფესიულ ტრადიციას არ ვღალატობ და მის კვალს ვადგები, მაგრამ სეკუნდანტები გზას მიღობავენ. ვგრძნობ, საქმე მთლად კარგად არ უნდა იყოს.

სანახაობით ეგზალტირებული მაყურებელი არ ცხრება (ჩემპიონი “დაეკარგათ“) – „სად არის თქვენი გამარჯვებული!“ - ისმის შეძახილები და „ლუდრინგზე“ „მძიმეწონოსანი“ მსმელი აბრძანდა.

ორგანიზატორებს ყველაფერთან ერთად პრიზიც ორიგინალური შეურჩევიათ - ბიოქიმიური უნიტაზი თავისი „საფირმო“ სარეცხი საშუალებით. არა, მათ ლოგიკური აზროვნების უნარს მართლაც ვერ დავუკარგავთ - კარგ „ლუდსმენს“ უნიტაზიც შესაფერისი უნდა ჰქონდეს!

დღესასწაული ნამდვილად კარგია, მაგრამ კურიოზული სიტუაცია იქმნება: ამდენი ლუდს მოწყურებული (და რა დასამალია, ბევრი უფულო) მამაკაცი ერთად არასოდეს მინახავს, მაგრამ თუნდაც რეკლამის ან პრესტიჟის მიზნით, მათ არავინ გაუმასპინძლდა. თუ ფესტივალი მომავალშიც ასეთი „პროგრამით“ ჩატარდა, კარგი იქნება პარკის შესასვლელში აბრები დაიკიდოს: უფულო „ლუდსმენებო“, ტყუილა ნუ შემოხვალთ, ნერვებს „დაიწეწავთ“!