G20 რისკების, “სავალუტო ომების” და კორუფციის წინაღმდეგ

G20 რისკების, “სავალუტო ომების” და კორუფციის წინაღმდეგ

სეულში გამართულ „დიდი ოცეულის“ ლიდერების სამიტზე ეკონომიკური მოქმედების ერთობლივი გეგმა შეიმუშავეს. ძირითადი ყურადღება გამახვილდა გლობალურ ეკონომიკაზე, საერთაშორისო ვაჭრობაზე, კორუფციასა და ფინანსური რეგულირების საკითხებზე. მიღებულ დოკუმენტთა შორის, საერთო აზრით, მთავარი სამიტის მონაწილეებს ფინანსურ-ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში გარკვეულწილად ავალდებულებს.

 

G20-ის ლიდერები შეთანხმდნენ ერთობლივად განახორციელონ ფინანსური რეგულირებისაკენ მიმართული რეფორმები. კერძოდ, ქვეყნები ვალდებული არიან ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე განახორციელონ ქმედებები, რითაც ამაღლდება ფინანსური რეგულირების გლობალური სტანდარტები. როგორც დოკუმენტში აღინიშნა, ამ დროისათვის გლობალური სტანდარტები უკვე ისეა შემუშავებული, რომ ხელს უწყობს ერთიანი თამაშის წესების ჩამოყალიბებას და არ დაუშვებს ბაზრის ფრაგმენტაციას და პროტექციონიზმს.

 

რაც შეეხება საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკას, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები შეიმუშავენებ და განახორციელებენ საბიუჯეტო კონსოლიდაციის მასშტაბურ გეგმებს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს.

 

ამასთან, G20-ის ლიდერები შეთანხმდნენ ფინანსური ბაზრების გამყარებას ხელი ვალუტის კურსის მოქნილობის გაზრდით შეუწყონ და ხელოვნური დევალვაციისაგან თავი შერიკავონ. ეს ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგან სამიტი სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ს და ჩინეთის ურთიერთბრალდებით დაიწყო და ეს დოკუმენტი ე.წ. „სავალუტო ომების“ დასრულებას ნიშნავს. თუმცა, ნაკლებად თუ ვინმეს სჯერა, რომ ჩინელები ამ შეთანხმებას ბოლომდე შეასრულებენ.

 

გარდა ამისა, 20 ქვეყნის ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების თავკაცები შეთანხმდნენ შეიმუშაონ ახალი ინდიკატორები ექსპორტ-იმპორტს შორის დისბალანსის შესაფასებლად. ეს „სავალუტო ომების“ დასრულებისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი გახლავთ. ანალიტიკოსების აზრით, ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია და ომების რისკს მკვეთრად ამცირებს, მაგრამ ძალიან ბევრი რამ ამა თუ იმ ქვეყნის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

 

ცხადია, 20-მა მდიდარმა არ დაივიწყა ღარიბები. ლიდერები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ სრულ მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების იმ აქციებში, რომლებიც დაბალშემოსავლიანი ქვეყნების დასახმარებლად იქნება მიმართული. ამასთან, გადაწყდა, რომ ოცეულის ქვეყნები თავს შეიკავებენ სხვა ქვეყნებში ინვესტირების ხელისშემშლელი ბარიერების შექმნის თუ არსებულის გამკაცრებისაგან და ხელს შეუწყობენ ექსპორტის სტიმულირებას 2013 წლამდე მაინც.

 

G20-ის ლიდერები საერთო ანტიკორუფციულ ქმედებებზეც შეთანხმდნენ. კერძოდ, გაფორმდა მემორანდუმი გლობალური ანტიკორუფციული რეჟიმის შექმნის თაობაზე, რომელიც ხელს შეუშლის საერთაშორისო მექრთამეობას და ფულის გათეთრებას. მნიშვნელოვანი გახლავთ იმ მექანიზმის შემუშავების შესახებ შეთანხმება, რომლითაც ოცეულის ქვეყნები უარს ეტყვიან თავშესაფრის მიცემაზე კორუფციაში ეჭვმიტანილ პირებს.

 

მთლიანობაში, G20-ის სამიტის შეფასებისას ექსპერტები თანხმდებიან, რომ ცუდი ამბები არ არის, რაც უკვე ძალიან კარგია. ხოლო, რამდენად მოჰყვება სეულის სამიტს პროგრესი, მომავალი გვიჩვენებს. მარტო ის რად ღირს, რომ სეულში 120 კორპორაციის წარმომადგენლები ჩავიდნენ და მთავრობის წარმომადგენლებთან კულისებს მიღმა მოლაპარაკებები აწარმოეს ინვესტიციების გაზრდის და ბიზნესის ხელშეწყობის თაობაზე. ცხადია, ამაზე ოფიციალურად არაფერი თქმულა, მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია, შედეგი ვიხილოთ.