სლავა მეტრეველს ძალიან უჭირს

სლავა მეტრეველს ძალიან უჭირს

ჩვენი დღევანდელი წერილის მიზანს არ წარმოადგენს ზუსტად აღგიწეროთ სლავა მეტრეველის სპორტული ბიოგრაფია. სამოციანი წლების ცნობილი ქართველი ფეხბურთელის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. სლავა მეტრეველს დღეს რომ ძალიან უჭირს, ახალი ამბავი არ არის. ჩვენი გაზეთის თანამშრომლებმა გადავწყვიტეთ მოგვენახულებინა იგი და უშუალოდ დავრწმუნებულიყავით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

სლავა თავის მეუღლესთან ქალბატონ ტატიანასთან ერთად ცხოვრობს. ის უკურნებელი სენით არის შეპყრობილი. ჩვენ მის მეუღლეს გადავეცით გაზეთ „რეზონანსის“ გამომცემლების მიერ გამოტანებული დახმარება ასი ლარი. ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი გახლდათ უპირველეს ყოვლისა გულში ჩაგვეკრა ჩვენი ფეხბურთის ვარსკვლავი და, ამავე დროს, გაგვეგო ამ ძნელბედობის ჟამს ვინ უდგას გვერდში, ხომ არ გრძნობს თავს მარტოდ, ხომ არ არის მიტოვებული იმ ხალხისგან, რომლებსაც მან დიდი შრომის და ტალანტის ფასად ბევრი სიამოვნება მიანიჭა. ჩვენ არ გვინდა გუნება გაგიფუჭოთ ძვირფასო მკითხველებო, მაგრამ სლავა მეტრეველის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, იგი გაჭირვებით იხსენებს გარდასულ დღეებს, მაგრამ სახე უნათდება, როცა მიდის იმ ადგილისკენ, სადაც მისი პრიზები აწყვია.

მან გვიჩვენა ნიკეს ოქროს ქალღმერთის ათასრვაასგრამიანი ქანდაკების ასლი, რომელიც თბილისელ გარინჩას (მას ასე უწოდა სან-პაულოში შეხვედრის დროს თვით ლეგენდარულმა გარინჩამ) ბრაზილიაში „მარაკანას“ სტადიონზე ფიფას ნაკრებში მონაწილეობის წინ გადასცეს. სლავამ უმძიმეს მდგომარეობაშიც კი მოახერხა გაეხსენებინა 1961 წლის 18 ნოემბრის ისტორიული მატჩი ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტზე“, რომელსაც 120 ათასი მაყურებელი ესწრებოდა.

მაშინდელი საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრებიდან „რივერ პლეიტზე“ გრანდიოზული შოუ-სპექტაკლი ცნობილი მწვრთნელის, ელენიო ერერას მიერ მონათლული „ქართული ფრთების“ - მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის მონაწილეობით დაიდგა. აღტაცებულმა არგენტინელმა მაყურებელმა, რომელსაც მსოფლიოს მრავალი ვარსკვლავის თამაში უნახავს, თავი ვერ შეიკავა, გაიჭრა მწვანე მინდორზე, ნაკუწებად აქცია ქართველი გარემარბების სპორტული ფორმა და ხელში აყვანილი მიაცილა გასახდელამდე.

საქართველო ფეხბურთის ქვეყანაა. მისი ხალხისათვის ფეხბურთი მარტო გართობა და თავის შექცევა არ არის, ქართველები ფეხბურთით ცხოვრობენ, რადგან ეს თამაში ჩვენ ბუნებასთან არის სამუდამოდ შესისხლხორცებული.

ქართულმა ფეხბურთმა მსოფლიოს უდიდესი მოთამაშეები აჩუქა და გაზვიადებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ერთ-ერთი პირველთაგანი ჩვენი მარჯვენა გარემარბია, რომელსაც დღეს ავადმყოფობამ დაატყო თავისი კვალი.

ჩვენ ყველანი მოგმართავთ თხოვნით, ვისაც როგორ შეგიძლიათ, დაეხმარეთ ჩვენს სიამაყეს. სწორედ გაჭირვების ჟამს აქვს სიკეთეს და თანადგომას უფრო დიდი ფასი, ამას უდაოდ იმსახურებს ფეხბურთის ვარსკვლავი სლავა მეტრეველი.