რუსები ბრუნდებიან

რუსები ბრუნდებიან

[ჯეიმს კირჩიკი, Foreign Policy]

რუსეთი ავღანეთში დაბრუნდა, ამჯერად დასავლეთთან თანამშრომლობით, მაგრამ ემთხვევა კი სინამდვილეში მათი მიზნები ერთმანეთს?

ნატო-ს ლისაბონის სამიტზე, რომელიც ამ თვეში გაიმართება, რუსეთი მოულოდნელი განცხადების გაკეთებას გეგმავს.  ის დასავლური ქვეყნების სამხედრო ალიანსს ავღანეთში დაეხმარება, ქვეყანაში სადაც ოცი წლის წინ რუსეთი სამარცხვინოდ დამარცხდა იმ პარტიზანულ მოძრაობასთან ბრძოლაში, რომელიც აშშ-ს მხარდაჭერით მოქმედებდა და რამაც უკვე მორყეულ საბჭოთა კავშირს გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა.

 

რუსეთის თანამშრომლობას მის საერთაშორისო უსაფრთხოების ძალებთან (ISAF), ნატო, რუსეთ-დასავლეთის უფრო მასშტაბური დაახლოების შედეგად წარმოადგენს და ხაზს უსვამს იმას, რომ ვაშინგტონიც და მისი ევროპელი მოკავშირეებიც ამ პროცესის გაგრძელებისთვის მზად არიან. „ლისაბონის შეხვედრა რეალური შესაძლებლობაა ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ და წარსულის აჩრდილი დავმარხოთ“ – განაცხადა გასულ კვირას, სამიტის წინ მოსკოვში ვიზიტით მყოფმა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა. (რასმუსენი შარშანაც ანალოგიური წინადადებით გამოვიდა, თუმცა რუსებმა ის უარყვეს).

 

ავღანეთში დახმარება კი ნატო-ს ნამდვილად არ აწყენს (თუმცა, უკეთესი იქნებოდა, რომ მისი წევრები იქ უფრო აქტიურად მოქმედებდნენ, რადგან ზოგიერთ მათგანს არ სურს დამატებითი ძალების გაგზავნა, ხოლო ის დანაყოფები რომლებიც უკვე იმყოფებინ ავღანეთში, ძალიან მკაცრი შეზღუდვებით მოქმედებენ), მაგრამ ალიანსს მკაფიოდ უნდა ესმოდეს რუსეთის მოტივაცია. რუსეთთან ერთობლივი მოქმედების თავდაპირველი ხიბლი (რუსეთი იცნობს ავღანეთს ამ ქვეყანაში ათი წლის განმავლობაში ბრძოლის წყალობით) მალევე ქრება.

 

ავღანელებს ყოფილ დამპყრობლებთან თბილი მოგონებები არ აკავშირებთ, თუ რატომ ადვილი გასაგებია. ომის დროს, საბჭოეთმა დაახლოებით 1 მილიონი ავღანელი გაანადგურა, თანაც ეს ომი მიმდინარეობდა რუსებისთვის ტიპური გულგრილობითა და ადგილობრივი მოსახლეობის გონებისა და გულის მოგების აუცილებლობის სრული იგნორირებით. რუსეთი სისხლიან დაბომბვებს აწყობდა უზარმაზარ ტერიტორიებზე, ნაღმავდა მათ რაც დღემდე კლავს და ასახიჩრებს მშვიდობიან ავღანელ მოსახლეობას, ასევე ანადგურებდა მთლიან სოფლებს იმის ეჭვით, რომ ისინი მოჯაჰედებს იფარავდნენ.

 

რუსებისგან განსხვავებით, უსაფრთხოების საერთაშორისო ძალებს, მიუხედავად იმისა რომ მათ უპილოტო თვითმფრინავების შეტევების დროს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის გამო ხშირად აკრიტიკებენ, ის მაინც ესმით რომ ადამიანების დაღუპვა მათ მისიებზე ნეგატიურად აისახება, ამიტომ მილიარდობით დოლარს სდებენ რეკონსტრუქციის პროექტებში.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეფასებით, ამ ომში რომელიც იმდენივე ხანს გრძელდება, რამდენ ხანსაც საბჭოთა გაგრძელდა, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რიცხვი დაახლოებით 12 ათასიდან 30 ათასამდეა.

 

გარდა ამისა, დიდი არ იქნება რუსეთის რეალური წვლილი. ჯარებს ის არ გაგზავნის, მიუხედავად იმისა, რომ პარტიზანების წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც წარმატება მიყრუებული რაიონების უზარმაზარ ტერიტორიებზე პირადი შემადგენლობის განაწილებაზეა დამოკიდებული, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია.

 

წინასწარი ინფორმაციით, რუსების დახმარება რამდენიმე ვერტმფრენის გადაცემით და სამხედრო ინსტრუქტორების დახმარებით შემოიფარგლება. მოსკოვის მხრიდან ნატო-ს მისიის დახმარება ავღანეთში (რისი მიზეზიც თითქოს ის არის, რომ მოსკოვს სურს არ დაუშვას მეზობელ სახელმწიფოებში მებრძოლი ისლამისტების პოზიციების განმტკიცება და იმის თაობაზე წუხს, რომ ქვეყანაში ავღანური ოპიუმის შემოტანით ნარკომანთა რიცხვი იზრდება) ვერ შეედრება იმ ძალისხმევას, რომელიც მან ამ ომისთვის ზიანის მიყენების მიზნით გაიღო.

 

როდესაც 11 სექტემბრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ტაჯიკეთს ჰკითხა, შესძლებდა თუ არა ის ავღანეთში ომის დასაწყებად პლაცდარმისთვის ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიის მისთვის დათმობას (ტაჯიკეთს ავღანეთთან 700 მილის სიგრძის საერთო საზღვარი აქვს), ტაჯიკებმა რუსების ზეწოლის გამო უარი განაცხადეს. როდესაც შეერთებულმა შტატებმა ცენტრალური აზიის მეორე, ღარიბი რესპუბლიკა ყირგიზეთი, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არა აქვს, დაარწმუნა მისთვის ყირგიზეთის ტერიტორიაზე სატრანზიტო ცენტრის შექმნის შესაძლებლობა მიეცა, რომელსაც ვაშინგტონი ავღანეთში ტექნიკის და ცოცხალი ძალის გადაყვანისთვის გამოიყენებდა, რუსეთმა უმალ დაიჩივლა და ამ ქვეყნის მთავრობაზე ზეწოლის განხორციელება დაიწყო, რათა მას ამერიკელები გაეყარა.

 

შარშან რუსეთმა დაარწმუნა ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურმანბექ ბაკიევი $2 მილიარდიანი კრედიტის სანაცვლოდ აშშ ქვეყნიდან გაეგდო. ბაკიევმა რუსეთის წინადადებაზე უარი მხოლოდ მას შემდეგ სთქვა, როდესაც შეერთებული შტატები ყირგიზეთის მთავრობას ბაზისთვის იჯარის ფასის გასამმაგებას შეპირდა. წელს ბაკიევი აჯანყებით დაამხეს. ამ ბუნტის  პროვოცირებაც მოსკოვმა ფარულად მოახდინა და დღესაც ჩუმად ცდილობს ახალი ყირგიზული მთავრობა ამერიკელების გაძევებაზე დაითანხმოს.

 

აღსანიშნავია რომ შარშან მოსკოვი რუსეთის საჰაერო სივრცის და ტერიტორიის გავლით ავღანეთში სატრანზიტო ტვირთის გაზრდაზე დასთანხმდა, მაგრამ რუსეთის ეს ვალდებულება, რომელიც მან ორ თვეში აიღო მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ავღანეთიდან 2011 წლის ივლისში ჯარების გამოყვანას იწყებს, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი ამერიკელების სწრაფი წასვლისთვის ემზადება.

 

უდაოა რუსეთს სურს, რომ თალიბები რომელთა წინაპრებსაც ის უშედეგოდ ებრძოდა 1980-იან წლებში დამარცხდნენ, ხოლო ავღანეთში გარკვეული სტაბილურობა აღდგეს. ამ მხრივ მას და ნატო-სთან საერთო ფუძემდებლური მიზანი აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანი მეორე რამაა: ის ამ რეგიონზე დასავლეთის ხანგრძლივი გავლენის წინააღმდეგია და ამით აიხსნება მისი გაურკვეველი ქმედებები, რომელიც შიზოფრენიულს მოგაგონებს.

 

სინამდვილეში კრემლის მიზნები ურთიერთგამომრიცხავია – სტაბილური ავღანეთი, ამა თუ იმ ფორმით წესიერი და წარმომადგენლობითი მთავრობით (ISAF-ის მიერ გამოცხადებული მისია ხომ ამაში მდგომარეობს)  ცენტრალური აზიის რეგიონში ვერ იარსებებს, თუკი იქ  დასავლეთის სამხედრო წარმომადგენლობა ხანგრძლივი დროით არ დარჩება.

 

მაგრამ ყველა ამ ფაქტორზე მნიშვნელოვანი ის ცინიზმია, რომლითაც მოსკოვი ამ უმნიშვნელო დახმარებას დასავლეთზე ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებს სხვა ისეთ საკითხებზე მოლაპარაკებებში, როგორებიცაა ნატო-ს გაფართოვება,  ადამიანის უფლებები და ანტი-სარაკეტო თავდაცვა.

საქართველოში ინტერვენციის დღიდან ორ წელიწადზე მეტი  გავიდა, რუსეთი კი მისი მეზობლის ოკუპაციას განაგრძობს და აზრს უკარგავს ევროკავშირის ძალისხმევით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც ომის ბოლოს გაფორმდა. რუსეთმა თვითგამოცხადებული ტერიტორიები აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი აღიარა და იქ მცხოვრებლებს რუსული პასპორტები დაურიგა, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

 

აგვისტოში რუსეთმა აფხაზეთში სერიოზული ანტი-სარაკეტო კომპლექსები განათავსა, ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებას ორივე ტერიტორიაზე მუდმივი სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ. ცხადია, რომ მოსკოვი  მის უმნიშვნელო დახმარებას ავღანეთში საქართველოში  საკუთარი პოზიციების განმტკიცებისთვის გამოიყენებს – ქვეყანაში, რომელმაც თავის პრიორიტეტულ მიზნად  ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაცია დაისახა.

 

გარდა ამისა, რუსეთმა უკვე მოითხოვა იმ „მშვიდობისმყოფელთა“ შემადგენლობის რიცხოვნობაზე შეზღუდვის მოხსნა, რომლებიც თვითგამოცხადებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან.

 

იმით რომ დასავლეთისგან სუვერენული სახელმწიფოს ოკუპაციის ლეგიტიმაციას ითხოვს, მოსკოვი თავად ალიანსის წევრ ქვეყნებში ნატო-ს ძალთა განლაგებაზე დაობს. ნატო-რუსეთის შეთანხმების პროექტში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გასული წლის დეკემბერში რასმუსენს გადასცა, რუსები მოითხოვენ, რომ ალიანსმა საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში (რუსეთის ე.წ. „პრივილეგირებული ინტერესების სფეროში“) განთავსებული არმიების რიცხოვნება სამი ათასით შეზღუდოს და ამ ქვეყნებში ბაზირებული თვითმფრინავების რაოდენობა 24-ს არ აჭარბებდეს, ხოლო მათი იქ ყოფნის ვადა წელიწადში 42 დღით განისაზღვროს.

 

ასეთი წინადადებები ნატო-ს წევრ ქვეყნებში არათავდასხმითი ხასიათის გადაწყვეტილებების მიღების პროცესის წარმოუდგენელი ხელყოფის მცდელობაა.

იმის გასარკვევად, თუ როგორ ხედავს მოსკოვი საკუთარ ურთიერთობებს ვაშინგტონთან, ამისთვის საუკეთესო საშუალება რუსი ლიდერების გულახდილობის ჟამს მოსმენაა. „მოდით, ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს“ – განაცხადა შარშან ერთ-ერთი რუსული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში კრემლის საქმეებში გარკვეულმა გლებ პავლოვსკიმ – „ობამა ჩვენი მოკავშირე არ არის. გაიხსენეთ, რომ ობამას მხარდაჭერა არა აქვს და ის უფსკრულის პირას დგას… ჩვენ მას უფრო ვჭირდებით, ვიდრე იგი ჩვენ“.

 

როგორც ეს გარიგებების დროს ხდება, ავღანეთში ნატო-სთვის დახმარების შეთავაზება შემხვედრ დათმობებს ითვალისწინებს. ამერიკელები და მისი მოკავშირეები კარგად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რას მოსთხოვენ მათ ამ უმნიშვნელო დახმარების სანაცვლოდ.

Foreignpress.ge