"საქართველო ოცნების გარეშე", - ამ სათაურით აქვეყნებს ვადიმ დუბნოვის სტატიას საქართველოს შესახებ Эхо Кавказа. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც მოსალოდნელი იყო და არჩევნები პლებისციტი აღმოჩნდა და არა – არჩევნები. მისივე თქმით, არც პრეზიდენტი აღმოჩნდა პრეზიდენტი და არც ნინო ბურჯანაძე – ნინო ბურჯანაძე, რომელიც ამბობდა, რომ არჩევნების ყველა შედეგს მიიღებდა, თუ ეს სამართლიანი იქნებოდა.
"საკითხავია, დაკმაყოფილდა თუ არა ნინო ბურჯანაძე თავისი 10 პროცენტით. მაგრამ საქმე ბურჯანაძეში არ არის. საქმე ისაა, რომ ადამიანი, რომელიც მის მიერ შერჩეული სახით გამოდიოდა, ფალსიფიკაცია და იმის ილუსტრაცია აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს", - წერს ვადიმ დუბნოვი.
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ პუტინს მოელაპარაკებოდა, სააკაშვილს დააპატიმრებდა და ივანიშვილის შეუსრულებელ დანაპირებებს შეასრულებდა. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ბურჯანაძემ იმ იდეებით გადაწყვიტა, რომლითაც ერთი წლის წინ ივანიშვილი მოვიდა.
ამასთან, ავტორი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება 2"-მა არ იმუშავა. მისივე თქმით, ეს არც ივანიშვილს გამოუვიდა სწორედ იმიტომ, რომ ამას არც არავინ სთხოვდა.
როგორც ვადიმ დუბნოვი წერს, მოსახლეობის 40%-სთვის, რომლებმაც არ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, სააკაშვილის ციხეში გამომწყვდევა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არ არის და უნდა აღინიშნოს, რომ არც სხვა საკითხები. მოსახლეობის 10 პროცენტზე მეტმა სააკაშვილს დაუჭირა მხარი. სისხლისმსმელი შურისძიება არც "ოცნების" მხარდამჭერებისთვის იყო მთავარი. ერთი სიტყვით ისინი, ვინც შურისძიებას ითხოვენ, მესამედზე ოდნავ მეტია.
"არადა, ისეთი პირი უჩანდა, რომ იდეას პერსპექტიული გაგრძელება უნდა ჰქონოდა. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მაისშიც, როცა ეკლესიის მსახურები ჰომოსექსუალებს ტაბურეტებით მისდევდნენ, ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ეკლესიას უამრავი დამცველი ჰყავს. მაშინვე გასაგები გახდა, რომ ჰომოსექსუალი ჰომოსექსუალი არ არის და ეროვნული ფასეულობების გამყიდველია. მათ შორის, როგორც გაირკვა, თავად ივანიშვილიც არ არის წმინდა მამების მხარდამჭერი", - წერს ვადიმ დუბნოვი.
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ეკლესიაც მოჩვნებითად არის ეკლესია და თუ ის ჯერაც ვიღაცისთვის რუსეთთან მართლმადიდებლური ერთიანობის სიმბოლოა, ვიღაცისთვის - ანტიდასავლურის, პატრიარქალურისა და ნაციონალურის განსახიერებაა. ყველაფერი იმის, რაც შეუბრალებლად წამლავდა სააკაშვილს.
"ერთი სიტყვით, ეკლესია ეკლესია კი არ არის, არამედ იმათი ცენტრი, ვისაც ყველაფერში რესტავრაციის სურვილი აქვს. სინამდვილეში, არც რუსეთია რუსეთი და ის იმ ბედნიერ პატრიარქალურ ეპოქაში დაბრუნების ოცნების ნაწილია, რომელიც სააკაშვილმა გაანადგურა. ახლა კი გაირკვა, რომ უკეთესი არც ივანიშვილია, რადგან ის სულაც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორც გასული წლის ოქტომბერში ჩანდა", - წერს ვადიმ დუბნოვი.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლოა საქართველოში არცთუ ბევრნი არიან, ვინც სიამოვნებით დაივიწყებს რუსეთის წყენას. მისივე თქმით, შესაძლოა, ბევრისთვის არც საბაჟო კავშირია ბოროტება. მაგრამ რატომ უნდა აპატიონ ეს რუსეთს, რას მიიღებენ სანაცვლოდ?
"ქართულმა პლებისციტმა გარკვევით ვერ გასცა პასუხი, რამდენნი არიან ისინი, ვისაც ჯერაც სჯერა უკანსვლის. რამდენიც არ უნდა იყვნენ, მათ ივანიშვილი ამჯობინეს. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ამტკიცებენ, მისი რეიტინგი ეცემა და სახეზეა იმედგაცრუება. მან ვერ დაიბრუნა რუსეთი, არ უარყო ნატო, არ აკრძალა ჰომოსექსუალები. ერთი წლის განმავლობაში ჯერაც ოდნავ ვერ გაირკვა, საერთოდ რისთვის მოდიოდა. ამომრჩეველთა 62%-სთვის და თითქმის 40%-სთვის შეკითხვა იმის თაობაზე, რით განსხვავდება ივანიშვილი საძულველი სააკაშვილისგან, მხოლოდ საჭირბოროტო საკითხი გამოდგა", - აღნიშნავს ვადიმ დუბნოვი.