საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ახლანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. ღარიბაშვილი თავის შემცვლელად ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ დაასახელა. 

ირაკლი ღარიბაშვილი 1982 წლის 28 ივნისს თბილისში დაიბადა. 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურა; 2002-2004 წლებში - სორბონის უნივერსიტეტი Paris-I, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი, სპეციალობით - საერთაშორისო ურთიერთობები; 1999-2004 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობით საერთაშორისო ურთიერთობები;
რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, ირაკლი ღარიბაშვილი 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე არის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; 2012 წლის თებერვლიდან-ოქტომბრამდე - პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი; 2012 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი; 2009-2012 წწ. - შპს "ქართული ოცნების" დირექტორი; 2007-2012 წწ. - სს "ბანკი ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2006 წელს - საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი; 2005-2012 წლებში - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი; 2005-2008 წწ. - სააქციო საზოგადოება "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანაშემწე; 

2005 წლის მაისი-ოქტომბერი - შპს "ბურჯის" (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2004-2005 წწ. - შპს "ბურჯის" (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი; 2001-2002 წლებში – სტაჟიორი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

ირაკლი ღარიბაშვილი ფლობს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.