"დემოკრატიის ტესტი საქართველოში", - ამ სათაურით აქვეყნებს New York Times სარედაქციო საბჭოს წერილს საქართველოს შესახებ.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, 27 ოქტომბერს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებით ამომრჩეველმა საბოლოოდ უთხრა უარი 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს.
"ნიუ იორკ თაიმსის" სარედაქციო საბჭო აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ოპონენტებმა პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრის ოფისზე კონტროლი გასულ წელს მოიპოვეს. ახლა კი, მათი წარმომდგენელი იქნება პრეზიდენტიც.
"საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებით, არჩევნები და საარჩევნო კამპანია 1991 წლიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან შესაძლოა, ყველაზე სამართლიანი იყო. მაგრამ, არსებობს ლეგიტიმური შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, არჩევნებს სააკაშვილისა და მისი დამარცხებული მიმდევრების სამართლებრივი დევნა მოჰყვეს", - ნათქვამია "ნიუ იორკ თაიმსის" სტატიაში.
როგორც ამერიკული გამოცემის სარედაქციო საბჭო აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ოპონენტებმა პარლამენტზე კონტროლი მოიპოვეს, მისი მთავრობის 11 ყოფილი მინისტრი ან მაღალჩინოსანი სასამართლოს წინაშე წარსდგა ან მათ წაუყენეს ბრალი სხვადახვა დანაშაულებებისთვის - დაწყებული ქურდობით, მექრთამეობითა და სხვისი ქონების მიტაცებით, დამთავრებული დემონსტრანტებისა და პატიმრების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებით.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ყოფილმა ჩინოვნიკებმა პასუხი უნდა აგონ უკანონო ქმედებისთვის, მაგრამ ახალი მთავრობისთვის მნიშვნელოვანი იქნება, გაფანტოს დამარცხებული პოლიტიკური პარტიის საყოველთაო დევნასთან დაკავშირებული ეჭვები.
"ნიუ იორკ თაიმსის" სარედაქციო საბჭოს განცხადებით, ეს გამოძიებები უნდა წარიმართოს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების მკაცრი დაცვით და ევროკავშირმა, რომელთანაც საქართველო სასიცოცხლოდ აუცილებელი სავაჭრო შეთანხმების დადებისკენ ისწრაფვის, თავისი ბერკეტები უნდა გამოიყენოს.
"არჩევნები პრორუსული მილიარდერის, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებაც იყო, რომელიც მხარს უჭერდა მარგველაშვილის. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, მომავალი თვიდან უფლებამოსილების დიდი ნაწილი პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრის ხელში გადავა. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგება, როგორც მოსალოდნელია მემკვიდრეს შეარჩევს, რაც მას საქართველოს ორი მთავარი წარმომადგენლობის კულისებიდან კონტროლის შესაძლებლობას მისცემს", - ნათქვამია "ნიუ იორკ თაიმსის" სარედაქციო საბჭოს წერილში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის ძალაუფლების პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრზე გადანაწილება, უფრო მეტად გააძლიერებს დემოკრატიას, მაგრამ ეს არ მოხდება, თუ კი სინამდვილეში ძალაუფლებას არაანგარიშვალდებული მილიარდერი განახორციელებს.
"ნიუ იორკ თაიმსის" საბჭო წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ წლების განმავლობაში მისი პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სულ უფრო ტირანული გახდა, მოსკოვის მიმართ კი უფრო უგუნური ხდებოდა, რამაც ქვეყანა 2008 წელს რუსეთთან ხანმოკლე და უსარგებლო ომამდე მიიყვანა.
"საქართველოს დემოკრატია კვლავაც მყიფეა. 22-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში, საქართველომ ორი გადატრიალება, სეპარატისტული დაძაბულობა და ეს უგუნური ომი გადაიტანა.
ახალი ხელისუფლება იმედოვნებს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას და იმავდროულად ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებასაც ცდილობს. ბიძინა ივანიშვილმა ასევე შექმნა კერძო ინვესტირების ფონდი, რომლითაც შუა აღმოსავლეთიდან და ჩინეთიდან ინვესტიციების მოზიდვას იმედოვნებს. ამბიციური გეგმებია. მათ მისაღწევად პოლიტიკური სიმწიფე და ეკონომიკური გამჭირვალობაა საჭირო", - ნათქვამია "ნიუ იორკ თაიმსის" სარედაქციო საბჭოს წერილში.