საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების უკანონო მოსმენებისთვის შესაძლოა, შვედური სატელეკომუნიკაციო გიგანტის "ერიქსონის" ტექნოლოგიებს იყენებდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს პრესი" ავრცელებს. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ტექნოლოგია, რომელიც თავდაპირველად დამნაშავეთა მოსასმენად შეიქმნა, სტანდარტულია და "ერიქსონმა" 2005 წელს კომპანია "ჯეოსელს" ქსელურ აღჭურვილობასთან ერთად მიყიდა.
"ტექნოლოგიის დანიშნულება კრიმინალთან ბრძოლაა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, მას სხვა მიზნებისთვის იყენებდა", - განაცხადა კომპანია "ერიქსონის" პრესმდივანმა ფრედრიკ ჰალსტანმა.
"ფრანს პრესის" ინფორმაციით, "ერიქსონის" წარმომადგენელმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შვედეთის საზოგადოებრივ რადიოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის ფარული მოსმენებისთვის შესაძლოა, "ერიქსონის" ტექნოლოგიას იყენებდა.
"ფრანს პრესი" აღნიშნავს, რომ 30 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციაში "ერიქსონის" ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით, სკანდინავიური ფაქტორიც არსებობდეს, რადგან "ჯეოსელის" უმრავლესობის მფლობელია შვედური-ფინური "თელიასონერა".
ამასთან, შვედური რადიოს ცნობით, საქართველოს ხელისუფლებას 21 ათასი მობილური ტელეფონის მოსმენის ტექნიკური შესაძლებლობა ჰქონდა, რომელთა ერთი მესამედი "ჯეოსელის" აბონენტია.
როგორც "ფრანს პრესი" წერს, ინფორმაცია უკანონო მოსმენებისას "ერიქსონის" გამოყენების შესახებ მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთრ მოქალაეებს უსმენს.
ამასთან, როგორც "ფრანს პრესს" "თელიასონერას" პრესმდივანმა, სალომონ ბეკელემ განუცხადა, საქართველოს ოპერატორებს მოეთხოვებათ საკუთარ ქსელში მთავრობის დაშვება.
"მთავრობა აწარმოებს ქსელების მონიტორინგს, თუმცა არც ჩვენ და არც სხვა მობილურ ოპერატორებს წარმოდგენა არ გვაქვს, რას უსმენენ და რა ინფორმაციას აგროვებენ", - განაცხადა სალომონ ბეკელემ.
"ფრანს პრესი" ასევე ციტირებს "ჯეოსელის" აღმასრულებელი დირექტორის, პასი კოისტინენის შვედურ რადიოსთან გაკეთებულ კომენტარს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობით მომსენები სამართლებრივი იყო.
"ჩემთვის ეს მიუღებელია და ვისურვებდი ამ კანონის შეცვლას. მაგრამ, რამდენადაც მოსმენები კანონის შესაბამისად ხორციელდება, ჩვენ უნდა დავიცვათ ქვეყნის კანონმდებლობა", - ციტირებს "ფრანს პრესი" პასი კოისტინენის შვედური რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუს.
ამასთან, როგორც "ფრანს პრესს" შვედეთის Amnesty International-ის პრესმდივანმა, ელიზაბეთ ლოფგრენმა განუცხადა, მობილურმა კომპანიებმა არ უნდა დაარღვიონ ადამიანთა უფლებები და არგუმენტი, რომ მათი ქმედებები სამართლებრივია, მათ არ ამართლებს.
"თუ ეს მოსმენები უკანონოა, ცხდია, რომ "თელიასონერას" შვილობილმა "ერიქსონმა" და "ჯეოსელმა" პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ", - განაცხადა ელიზაბეთ ლოფგრენმა.