გიორგი მარგველაშვილმა „BBC World TV“-ს შეკითხვებს უპასუხა

გიორგი მარგველაშვილმა „BBC World TV“-ს შეკითხვებს უპასუხა

საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „BBC World TV“-ს ტელეწამყვანის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა.

გადაცემის წამყვანმა გიორგი მარგველაშვილს შეკითხვა დასავლურ პოლიტიკურ ორიენტაციასა და რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებზე დაუსვა.

როგორც არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, 27 ოქტომბერს საქართველომ გააკეთა ისტორიული მნიშვნელობის არჩევანი, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი სვლა ევროპისაკენ. „ჩვენ ვაძლიერებთ ურთიერთობებს ევროპასთან პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით. ვცდილობთ აღვადგინოთ ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან, შევამციროთ ის დაძაბულობა, რომელიც არსებობს კონფლიქტურ რეგიონებში და მოვახდინოთ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების დარეგულირება,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა
საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შესაბამისად ხელისუფლების შტოებს შორის მიღწეულ ძალთა ბალანსზე. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პრემიერის მიერ თანამდებობის დატოვება მნიშვნელოვანი პრეცენდენტია და ქმნის დაბალანსებულ დემოკრატიულ სისტემას, რომელიც მესიისა და ზეკაცების არსებობის კი არ ეფუძნება, არამედ ჰყავს პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხს ემსახურებიან.

არჩეულმა პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით შემდეგი ნაბიჯი ვილნიუსის სამიტი იქნება, სადაც საქართველო ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას შეუერთდება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის გაწევრიანებას ევროპულ ოჯახში.