თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა მორიგი მემორანდუმი გააფორმა

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა მორიგი მემორანდუმი გააფორმა

2013 წლის 28 ოქტომბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და კომპანია „ინგლისური წიგნი საქართველოსა“ და შპს “Unique Learning”  შორის. აღნიშნულ მემორანდუმს   ხელი მოაწერა უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სოლომონ  პავლიაშვილმა და შპს “Unique Learning” დირექტორმა მიხეილ გურგენიძემ.თანამშრომლობის მიზანია სწავლა/სწავლების ინოვაციური მეთოდებისა და თანამედროვე სახელმძღვანელოების გამოყენებით შემუშავდეს და განხორციელდეს ინგლისური ენის სწავლა/სწავლების განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები.

მემორანდუმის საფუძველზე თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას მოამზადოს აბიტურიენტები, ბაკალავრები, მაგისტრები და სხვა დაინტერესებული პირები Pearson Test of English (PTE) ტესტის ჩასაბარებლად და ამასთან, უზრუნველყოს Pearson Test of English (PTE) ტესტირების ჩატარება უნივერსიტეტის ბაზაზე. სწავლებასა და ტესტირების პროცესს უზრუნველყოფს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტთან არსებული ზრდასრულთა განათლების ცენტრი.

Pearson Test of English (PTE) ტესტი საერთაშორისოდ აღიარებული და მიღებულია მრავალ ქვეყანაში (საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, პოლონეთი, ესპანეთი, კანადა, ავსტრალია და სხვა), მათ შორის დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებში. ტესტირების შემდეგი სტუდენტები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს, რომელიც არის უვადო.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ზრდასრულთა განათლების ცენტრი იწყებს დაინტერესებული პირების Pearson Test of English (PTE) ტესტირების ჩაბარებისათვის მომზადებას. დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 2960104 ან მოგვწერეთ: info@tbuniver.edu.ge