საკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობასთან შეხვდერებს განაგრძობს და ავარიულ სახლებში მაცხოვრებელ მოქალაქეებს ხვდება. დღეს ირაკლი შიხიაშვილი ისნისა და სამგორის რაიონის მოსახლეობას შეხვდა. თავდაპირველად მან მოსკოვის გამზირის N46 და 46ა, ასევე N45 მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ამის შემდეგ ირაკლი შიხიაშვილი ე.წ. აფრიკის დასახლებაში, გუმათჰესის ქ. N12–ში, ვარკეთილი სამი, მეორე მ/რ, კორპ. 2ბ, ვაზისუბნის მე–3 კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. დაბოლოს, საკრებულოს თავმჯდომარე ისნის რაიონში, ვახტანგ მეექვსის ქუჩაზე იმყოფებოდა (პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე), სადაც ისეთი ავარიული სახლები მდებარეობს, რომლებიც კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.
საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას პირადად გააცნო საკრებულოს ინიციატივით ამოქმედებული ის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მწვავე ავარიული სახლების გამაგრებით სამუშაოებს დიდწილად დედაქალაქის ბიუჯეტი დააფინანსებს.
პროექტის ფარგლებში თავდაპირველად ცხადდება ტენდერი საპროექტო სამუშაოებზე და მას ექსპერტიზა უტარდება. ამის შემდეგ უკვე სამშენებლო სამუშაოებზე ცხადდება ტენდერი და მომავალი წლიდან უკვე დაიწყება მწვავე ავარიული სახლების გამაგრებითი სამუშაოები. სწორედ ამის შესახებ ესაუბრა ირაკლი შიხიაშვილი ავარიულ სახლებში მაცხოვრებელ მოსახლეობას და აუხსნა მათ, რომ თითოეული ამ ნაბიჯის შესახებ მათ თბილისის საკრებულოდან წინასწარ ეცნობებათ, რათა მათ გაურკვევლობაში ყოფნა არ მოუწიოთ.
ყველა ის სახლი, რომელიც ირაკლი შიხიაშვილმა მოინახულა, მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია, თუმცა გარდა ამისა, ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა ყოფითი პრობლემები აქვს. ძირითადად ეს არის შიდა კომუნიკაციების (წყლის, კანალიზაციის, ბუნებრივი აირის) მოუწესრიგებლობა და სხვა. საკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობას ამ პრობლემებზე ესაუბრა და შესაძლებლობის ფარგლებში მათ მოგვარებას დაჰპირდა.