გია მაისაშვილი გია ბარამიძის მეგობარი აღმოჩნდა

გია მაისაშვილი გია ბარამიძის მეგობარი აღმოჩნდა

მითი იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის ტახტზე მისი ნაშიერი პაატა შევარდნაძე ავა, დიდი ხანია დაიმსხვრა. მაშ ვინ იქნება ის ბედნიერი მემკვიდრე? ყოველ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს, პირობა ასეთია: მან ხელი არ უნდა ახლოს შევარდნაძის ნათესაურ კლანს, ანუ მისმა ქმედებებმა დამღუპველად არ უნდა იმოქმედოს ჯოხთაბერიძეების, შევარდნაძეების და ახვლედიანების ბიზნესგეგმებზე.

ყველაფერი კი ერთი წლის წინ, გაზაფხულზე დაიწყო. თბილისში ჩამოფრინდა ახალგაზრდა, წარმოსადეგი მამაკაცი, რომლისადმი ინტერესი გამოიჩინეს ყოფილმა ძალოვანებმა. საუბარი რესტორან „სანტა ფეში“ გაიმართა. ახალგაზრდა მამაკაცს გია მეფარიშვილის, გოჩა სისაურის და მათი მოადგილეების გასაგონად განუცხადებია, რაღაც დიდის გასაკეთებლად ვემზადებიო. რა არის ეს „დიდი“ და რას გრძნობს საქართველოსადმი გია მაისაშვილი, ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ მისმა სახელმა რამდენჯერმე გაიჟღერა მაღალ ეშელონებში.

გია მაისაშვილი თავის დროზე „მრგვალი მაგიდის“ ერთ-ერთი წევრი იყო. ზვიად გამსახურდიამ მას ვიცე-პრემიერობაც კი შესთავაზა. მოგვიანებით ის ბიზნესში ერთვება და 1991 წლის მოვლენების შემდეგ ტოვებს საქართველოს.

გავრცელებული ინფორმაციით, მან 1997 წელს დაამთავრა ჰარვარდის ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლა, შემდეგ სტენფორდის უნივერსიტეტი. მუშაობდა აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ენერგოკომპანია „ენრონში“, რომელიც სკანდალურად გაკოტრდა. ამჟამად გია მაისაშვილი ვაშინგტონში კასპიის აუზის დეპარტამენტის დირექტორია.

ისიც ცნობილია, რომ მაისაშვილი შარშან საქართველოში ყოფნის დროს ჟვანიას, ბარამიძეს, სარიშვილს და ასათიანს შეხვდა. მართალია, ეს ხალხი ვერ იხსენებს ამ შეხვედრას, მაგრამ მაისაშვილთან ნაცნობობასაც არ უარყოფენ. რაც შეეხება მის გაპრეზიდენტებას, შევარდნაძემ მსგავსი მინიშნება ცალსახად გააკეთა, როცა საქართველოს მომავალ პრეზიდენტად საზღვარგარეთ მცხოვრები საზოგადოებისთვის უცნობი პიროვნება დაასახელა.

რაც შეეხება გია მეფარიშვილს, „ალიასთან“ საუბარში მან განაცხადა:

- საერთოდ არ ვიცნობ ამ პიროვნებას, პირველად მესმის, რომ მას შევხვდი და ვესაუბრე. სისულელეა.

ჩინოვნიკებისგან განსხვავებით, პოლიტიკოსები არ უარყოფენ მაისაშვილთან ნაცნობობას.

„ალია“ გიორგი ბარამიძეს გაესაუბრა:

ბატონო გიორგი, თქვენ თუ გეცნობათ გია მაისაშვილი?

- რა თქმა უნდა, ის ჩემი მეგობარია.

ხომ არ გგონიათ, რომ შევარდნაძე მაისაშვილს ამზადებს თავის მემკვიდრედ.

- მე გია ამერიკაში გავიცანი, როდესაც იქ სასწავლებლად ვიყავი წასული. მუშაობდა ძალიან სერიოზულ და მსოფლიოში წამყვან კომპანიებში და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ექსპერტია ეკონომიკის საკითხებში. საქართველოში ჩვენ ნამდვილად არა გვყავს მისი მსგავსი. ჩვენს პრეზიდენტს, ეს ადამიანი არ სჭირდება, ვგულისხმობ, პირველ ყოვლისა, გია მაისაშვილის მენტალიტეტს, დამოკიდებულებას საქმისადმი, პატრიოტიზმს და მოქალაქეობრივ პოზიციას.

ერთი წლის წინ თქვენ თუ გქონდათ მასთან შეხვედრა?

- ერთი წლის წინაც მქონდა და უფრო ადრეც.

იყო რამე საუბრები მის პრეზიდენტობაზე?

- არა, რა სისულელეა, ასეთი ამბიციები მას არ გააჩნია. მეორე საკითხია, ვისურვებდი თუ არა მე მას პრეზიდენტად. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, გია მაისაშვილი გამხდარიყო საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ ადამიანს ასეთი ამბიციები არ გააჩნია. უბრალოდ, იგი მართლა ემზადება დიდი საქმეებისთვის. იგი ჩვენი მეგობარი, თანამოაზრეა და მართლაც გრანდიოზული გეგმები აქვს.

მაინც რას გულისხმობთ?

- ღმერთმა დაგვიფაროს, რომ „დიდი საქმე“ მარტო პრეზიდენტობა იყოს. ეს არის საგანმანათლებლო პროექტები და ქვეყანაში მნიშვნელოვანი ძვრების ხელშეწყობა.