ხურჩის ინციდენტი თავის დროზე პან გი მუნის მოხსენებაშიც მოხვდა

ხურჩის ინციდენტი თავის დროზე პან გი მუნის მოხსენებაშიც მოხვდა

გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებაში, რომელიც აფხაზეთში არსებულ სიტუაციას შეეხებოდა, ის ფაქტის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ 21 მაისს, სოფელ ხურჩაში ძლიერ სროლებს ჰქონდა ადგილი. დოკუმენტის თანახმად, მოედანზე გარკვეული რაოდენობის ადამიანი იყო შეკრებილი, ძირითადად გალის რაიონიდან. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ამ ადამიანებს ”სთხოვეს შეკრებილიყვნენ”, რათა იქიდან ავტობუსებით გადაეყვანათ ზუგდიდში საპარლამენტო არჩევნებში ხმის მისაცემად, თუმცა არ არის ნათქვამი, ვინ თხოვა შეკრება. 

დოკუმენტის თანახმად, ფეხბურთის მოედანზე შეკრებილი ხალხი მას შემდეგ გაიქცა, რაც ”სავარაუდო თავდამსხმელებმა” ცეცხლი გახსნეს, ხოლო შემდეგ ცარიელ ავტობუსებს ყუმბარმტყორცნებიდან ესროლეს.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გაერო-ს დამკვირვებელთა მისიის გამოძიებამ დაადგინა, რომ ყუმბარები ”ავტობუსებიდან დაახლოებით, 100 მეტრის დაშორებიდან ისროლეს, ქართველების მიერ კონტროლირებადი მხრიდან”.

”მართალია, ჯერჯერობით ვერ იქნა მოძიებული მყარი მტკიცებულება დამნაშავეთა ვინაობის თაობაზე, ინციდენტის გარშემო არსებულ გარემოებებს შორის შეუსაბამობა - კერძოდ ის ფაქტი, რომ ინციდენტი ისე იყო გადაღებული (ტელეკამერების მიერ), რომ ტოვებს შთაბეჭდილებას ვივარაუდოთ, მას წინასწარ ელოდნენ და არ ხდებოდა მისი სპონტანურად გადაღება - ავალდებულებს გაერო-ს დამკვირვებელთა მისიას, განაგრძოს გამოძიება”, - ნათქვამია მოხსენებაში.

ინციდენტის ხელოვნურად მოწყობის შესახებ ასევე ეჭვია გამოთქმული სტუდია ”რეპორტიორის” მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმშიც.

მასში ნათქვამია, რომ ოპერატორი, რომელმაც ავტობუსებისთვის ხელყუმბარების სროლის მომენტი გადაიღო, ფაქტობრივად, ელოდა ამას, რადგანაც მისი კამერა შტატივზე დამაგრებული იყო და აფეთქების დროს არც კი გარყეულა. “რესპორტიორის” დოკუმენტურ ფილმში ასევე ნაჩვენებია ინტერვიუები ადგილობრივებთან, რომელთა განცხადებითაც, ინციდენტამდე სოფელში ორი უცნობი ადამიანი მივიდა და მოსახლეობას სთხოვა, მათ გაყოლოდნენ, რადგან ”გადაღებისთვის ხალხი იყო საჭირო”.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს აფხაზეთის საოკუპაციო საზღვართან მდებარე სოფელ ხურჩასთან მომხდარ ინციდენტს. მაშინდელი ქართული ტელეარხების ინფორმაციით, ხურჩაში აფხაზურმა მხარემ ორი ავტობუსი ააფეთქა, რომლითაც გალის რაიონის ქართველი მოსახლეობა ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობისთვის გადმოდიოდა. ტელეკომპანიებმა ამ ინციდენტის ამსახველი კადრებიც უჩვენეს.

ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით დღეს შსს-ს მაღალჩინოსნები დააკავეს. კერძოდ, დაკავებული არიან შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და ამავე სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია.

გამოძიების ინფორმაციით, 2008 წლის 21 მაისს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მობილიზებული იქნა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით აპირებდა ზუგდიდში გამგზავრებას.

დასახელებულ დროს, სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განსახორციელებლად ჩასაფრებულმა რომან შამათავამ, მალხაზ მურღულიამ და მათმა თანამზრახველებმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ურთიერთშორის ნაწარმოები მრავალჯერადი გასროლით მშვიდობიან მოსახლეობაში გამოიწვიეს პანიკა, აგრეთვე, მალხაზ მურღულიამ "ერ პე გეს" ტიპის ყუმბართმტყორცნიდან განხორციელებული ორი გასროლით ააფეთქა ხალხის გადასაყვანად მობილიზებული ავტობუსები.