ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, აშშ-ში ორი შეხედულება გამოიკვეთა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ბრიტანელი ისტორიკოსი და მკვლევარი, აშშ-ის რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, სტივენ ჯონსი საუბრობს.
მისივე თქმით, ერთი მხრივ, ივანიშვილისთვის პოლიტიკური არენის დატოვება ძალიან ადრეა.
"ერთ წელიწადში შეუძლებელია, მას თავისი მისია შეესრულებინა და საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრება და ქართველი ხალხის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოეხერხებინა", - აცხადებს სტივენ ჯონსი.
მეორე მხრივ კი, ჯონსის თქმით, ძალაუფლების საკუთარი სურვილით დათმობის გადაწყვეტილება ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო მაგალითია.
"ეს ჯანსაღი გადაწყვეტილებაა და კიდევ უფრო ღირებული გახდება, თუკი ივანიშვილი თავისი დანაპირების შესრულებას და სამოქალაქო სექტორის განვითარებას შეძლებს. მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, როგორ აპირებს იგი ამ მიზნის მიღწევას. ძვირადღირებული პროექტები ქართველ ხალხს, დემოკრატიული განვითარების კუთხით, კარგს ნამდვილად ვერაფერს მოუტანს", - აცხადებს სტივენ ჯონსი.
ამასთან, ბრიტანელი პროფესორის შეფასებით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე ვაშინგტონს მკვეთრად გამოკვეთილი პოზიცია არ ჰქონია.
მისი განმარტებით, ბევრად უფრო ძლიერი იყო აშშ-ის გამოხმაურება მთავრობის მიერ ოპოზიციის, განსაკუთრებით კი მერაბიშვილისა და სხვა მინისტრების მიმართ გატარებულ პოლიტიკაზე.
"საქართველოს მთავრობამ აშშ-ის პოლიტიკოსები მაინცდამაინც ვერ დაარწმუნა იმაში, რომ მათი ეს ნაბიჯები სამართლიანობის აღდგენის და არა უბრალო პოლიტიკური შურისძიების სურვილით იყო ნაკარნახევი. თუკი მთავრობას მერაბიშვილის გასამართლება სურს, სასამართლო პროცესი აუცილებლად ღია და გამჭირვალე უნდა იყოს და რაც მთავარია, სწრაფად ჩატარდეს", - აცხადებს სტივენ ჯონსი.