საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და ”ლიბერთი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ელექტრონული დარბაზი გახსნეს.
ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ელექტრონული დარბაზის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა ”ლიბერთი ბანკის” მხარდაჭერით შეძლო. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ”ლიბერთი ბანკმა” ელექტრონული დარბაზისთვის 50-მდე კომპიუტერი, ავეჯი და სხვა საჭირო ტექნიკა შეიძინა. უახლესი ტექნიკა ეროვნული ბიბლიოთეკის ახალგარემონტებულ ფართზე განთავსდა.
ელექტრონული დარბაზი, რომლის სახელი ”ლიბერთი ” იქნება, მკითხველს შესთავაზებს ელექტრონულ წიგნებს, ჟურნალებს, გაზეთებს და თავისუფალ წვდომას ინტერნეტზე. დარბაზი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციასაც შეითავსებს.
ასევე ბანკი და მისი შვილობილი კომპანია სმარტექსი რომელიც წარმოადგენს პირველ ქართულ ვენჩურულ ფონდს ინტერნეტ პროექტების დაფინანსებისთვის ორგანიზებას გაუწევენ ბიბლიოთეკაში ინტერნეტ პროექტებისა და კომპანიების დაარსების, მართვის და კაპიტალის მოზიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სემინარების ჩატარებასა და ამ სფეროში გავლენიანი სტუმრების მოწვევას.
ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი ელექტრონული დარბაზი ყველაზე მასშტაბური და თანამედროვე სამკითხველო დარბაზია საქართველოში.