საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ირინე იმერლიშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ ქვეყანას ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს”.
როგორც იმერლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აბაშაში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარ დეპუტატ დავით დარსმელიძესა და “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელ გიორგი გვილავას შორის მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა, “კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს.
მისი თქმით, დარსმელიძე თანხლებ პირებთან ერთად გიორგი გვილავას სახლში მიუვარდა და მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გვილავამ სამართალდამცველ ორგანოებს მაშინვე მიმართა. საქმე ხულიგნობის ფაქტზეა აღძრული და ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება.
“გვინდა, განვაცხადოთ, რომ 27 ოქტომბერს საქართველოში უპრეცედენტოდ მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება. “ნაციონალურ მოძრაობას” უჭირს, გააცნობიეროს, რომ მოძალადე რეჟიმმა 1 ოქტომბერს კრახი განიცადა. მათი ზოგიერთი წევრი ძველი მეთოდებით აგრძელებს ბრძოლას. ისინი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ, რომ ქვეყანას ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს”, - განაცხადა იმერლიშვილმა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, 27 ოქტომბერს არჩევნებზე ყველა მივიდეს და ქართველი ხალხის საბოლოო ვერდიქტი – “არა “ნაციონალურ მოძრაობას”, დოკუმენტურად გააფორმონ.