ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას 24 ნოემბრამდე დატოვებს

ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას 24 ნოემბრამდე დატოვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უარყო გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ქვეყანის მართვას კულისებიდან გააგრძელებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა "ფრანს პრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"კულისებიდან მმართველობაში ლოგიკას ვერ ვხედავ. არ ვაპირებ იქიდან მოქმედებას", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ფრანგულ სააგენტოსთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური გვამია და არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ის სასამართლოს წინაშე წარსდგეს.

"სააკაშვილი პოლიტიკური გვამია. მას აღარსდროს ექნება პოლიტიკური კარიერა საქართველოში. ჩემი აზრით, სააკაშვილს ბევრი შეკითხვისთვის აქვს პასუხი გასაცემი და სწორედ ამიტომ არსებობს დიდი ალბათობა, რომ ის დაიკითხება", - განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა "ფრანს პრესს".

მისივე თქმით, პროკურორები გადაწყვეტილებას გამოძიებაზე დაყრდნობით მიიღებენ და ეს არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული.

ფრანგულ სააგენტოსთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან მალე დატოვებს თანამდობებას.

"ინაუგურაციიდან ერთ კვირაში გადავდგები და პრემიერ-მინისტრის პოსტს 24 ნოემბრამდე დავტოვებ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, გიორგი მარგველაშვილი პირველივე რაუნდში გაიმარჯვებს. "დაჟინებით მოვითხოვ, რომ მეორე ტური არ შედგეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება შეაფერხოს საქართველოს მთავარი სტრატეგია – ევროპასა და ევროატლანტიკურ ალიანსში.

"ჩვენ უნდა ვაშენოთ დემოკრატიული ინსტიტუტები და ყოველთვის იმას არ უნდა ვუყურებდეთ, ვინ არის ჩვენი პრეზიდენტი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა "ფრანს პრესთან" საუბრისას.