„გისოსებს გარეთ,“- ამ სახელწოდებით ახალციხეში, რაბათის ციხის საგამოფენო დარბაზში, ყოფილ პატიმართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. რელიგიური ხასიათის ნამუშევრები, თექისა და ხის ნაკეთობები ყოფილმა პატიმრებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ასოციაცია „ტოლერანტის“ პროექტის ფარგლებში მოამზადეს.
„ძალიან დაგვეხმარენ. ამგვარი პროექტები სასიკეთო საქმეა. საპატიმროდან გამოსულ ხალხს ძალიან უჭირს. ჯოჯოხეთს რომ ქალი გაივლის, ცოტა ხელის წაშველება მართლა სჭირდება,“- განუცხადა for.ge-ს ერთ-ერთმა ყოფილმა პატიმარმა, რომელსაც გამოფენაზე საკუთარი ნახატები და თექის ნამუშევრები ჰქონდა წარმოდგენილი.
რაბათის ციხის კომპლექსში ამჯერად 12 ბენეფიციარის ნამუშევრები გამოიფინა და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მალევე გაიყიდა. ორგანიზატორთა განმარტებით, ნამუშევრების გაყიდვით მიღებული თანხა ყოფილი პატიმრების შემდგომ სწავლებასა და ახალი ნამუშევრების შექმნას მოხმარდება.
„გამოფენა პილოტური პროექტია. ასეთი რამ სამცხე-ჯავახეთში აქამდე არ განხორციელებულა. პატიმრები და ყოფილი პატიმრები, რატომღაც არ იყვნენ პრიორიტეტებში. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ჯანდაცვის კომპონენტი და ფსიქოლოგის მომსახურება,“- განაცხადა for.ge-სთან საუბრისას პროექტის დირექტორმა ცირა მესხიშვილმა.
ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და რეაბილიტაცის მიზნით სამცხე-ჯავახეთში გადამზადების კურსებიც ფუნქციონირებს. ყოფილ პატიმრებსა და პრობაციონერებს საშუალება აქვთ შემდგომი დასაქმების მიზნით სხვადასხვა სპეციალობებს დაეუფლონ. მათ შორის არის კალატოზის, ზეინკლის, ელქტროტექნიკის ოსტატის, დიზაინერის, სტილისტის, მზარეულის, კონდიტერისა და ბარმენის პროფესიები.
„უკვე დავასაქმეთ 24 ადამიანი. რამდენიმე მათგანი მშენებლობაზე მუშაობს, ერთი ბარმენი გვყავს ორი - სტილისტი,“- განაცხდა ცირა მესხიშვილმა.
ასოციაცია „ტოლერანტი“ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სასჯელაღსრულების უწყებასთან თანამშრომლობს. სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ყოფილი პატიმარების ნამუშევრების გამოფენის მოწყობა გაზაფხულისთვის თბილისშიც იგეგმება.