"საქართველოს გასაოცარი ახალი ნორმალური მდგომარეობა", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Foreign Policy მაიკლ ჩეჩირეს სტატიას საქართველოზე. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში პირველად ხდება ისე, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები დიდ სახელებს არ უკავშირდება.
"განსხვავებით გასული წლის საპარლამენტარო არჩევნებისგან, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ნაკლებად დამაინტრიგებელი, ნაკლებად სკანდალური, ნაკლებად მიმზიდველი და საინტერესო პიროვნებებისგან შედგება – სწორედ ამიტომ არის ეს არჩევნები ასე საინტერესო. გასული წლის არჩევნების შედეგად, საქართველოში უახლეს ისტორიაში პირველად მოხდა ძალაუფლების მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით გადაბარება. საპრეზიდენტო არჩევნებით კი ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგავს პოლიტიკური სიმწიფისა და დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ", - წერს მაიკლ ჩეჩირე.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართული პოლიტიკა უფრო ხმაურიანი პოლიტიკური პერსონალიებით იყო გამორჩეული, ვიდრე მათი განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმებით. მაიკლ ჩეჩირე წერს, რომ საქართველოს ულტრანაციონალურმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანა, გამსახურდია კი საბჭოთა კავშირის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემ შეცვალა, ეს უკანასკნელი კი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, მისსავე ძველმა მოკავშირე მიხეილ სააკაშვილმა ჩაანაცვლა.
"სააკაშვილისა და მისი "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას ქვეყანა თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, თუმცა არა დემოკრატიულად. სააკაშვილის მმართველობა კიდევ ერთმა გავლენიანმა პერსონამ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა "ქართულმა ოცნებამ" შეცვალეს. მიუხედავად ამისა, 2014 წლის დასაწყისში, საქართველოს ეყოლება ტექნოკრატი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ძლიერი, კონკურენტული პარლამენტი. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ასეთი სცენარი, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იქნებოდა", - აღნიშნავს მაიკლ ჩეჩირე.
სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები ანგარიშგასაწევები არიან, თუმცა არა ისე, როგორც მიჩვეულები იყვნენ. მისივე თქმით, ბევრი გამარჯვებას "ქართული ოცნების" კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს უწინასწარმეტყველებს, თუმცა მეორე და მესამეადგილოსანი კანდიდატები – დავით ბაქრაძე და ნინო ბურჯანაძე, სავარაუდოდ, შეძლებენ გაუწიონ კონკურენცია გიორგი მარგველაშვილს.
"მეტიც, სამივე კანდიდატის წარმატებას არა მხოლოდ არჩევნების მიმართ მათი რაციონალური, პოლიტიკურად ორიენტირებული მიდგომა განაპირობებს, ნაკლებად პოპულარული მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად შერჩევა ნაწილობრივ იმანაც განაპირობა, რომ ის არ შეეფერება გამორჩეული პიროვნების კლასიკურ ქართულ პოლიტიკურ არქეტიპს. თავის მხრივ, დავით ბაქრაძეს ზომიერი და კოლეგიალური ადამიანის რეპუტაცია აქვს. ნინო ბურჯანაძეც კი, რომელიც ძველი საბჭოთა ნომენკლატურული ოჯახიდანაა, გამონაკლისია და ახალ წესებს ერგება და მცირე მხარდაჭერა იმის ხარჯზე მოიპოვა, რომ სრულიად განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმა აქვს", - წერს მაიკლ ჩეჩირე.
სტატიის ავტორის თქმით, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თანამდებობას ახალ წლამდე დატოვებს.
"ქართულ პოლიტიკაში ყველაზე პოპულარულმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი პოლიტიკაში კორექტივების შეტანა იყო. ივანიშვილის განცხადებით, თანამდებობიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებლობაა, დაეხმაროს ქვეყანას გათავისუფლდეს პერსონებზე ორიენტირებული პოლიტიკისგან. ვიდრე ჯერ უცნობია, ვის შეარჩევს "ქართული ოცნება" ივანიშვილის მემკვიდრედ, მომავალი პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ, იმავე ჩამოსხმის იქნება, როგორიც პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილია: განათლებული და პატივცემული, მაგრამ პერსონალური ძალის გარეშე", - წერს მაიკლ ჩეჩირე.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში არა მხოლოდ სკამები არ უსვრიათ ტრიბუნებიდან, არამედ ქვეყანა ნამდვილ პროგრესს განიცდის დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის მხრივ. როგორც მაიკლ ჩეჩირე წერს, განსხვავებით ზოგიერთების მიერ გამოთქმული აღელვებისა, ბევრი დამკვირვებელი თანმხდება, რომ საქართველო სწორი გზას ადგას.
"თუმცა, გასაკეთებელი კვლავაც ბევრია. საქართველოს ინსტიტუციონალური კონტროლი და ბალანსი კვლავაც საჭიროებს გაძლიერებას, დეცენტრალიზაციის ძირითადი რეფორმები კარგა ხნის მოძველებულია, საქართველოს 300 ათასი იძულებით გადაადგილებული ადამიანის მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია, მუშაობაა საჭირო ეკონომიკის წინსვლისთვისაც. ამავდროულად კი, სკეპტიკოსები აღნიშნავენ, რომ ივანიშვილი კვლავ დარჩება ქვეყნის პოლიტიკაში თავისი ქონებისა და ეკონომიკური ინტერესების წყალობით", - ნათქვამია Foreign Polic-ის სტატიაში.
მაიკლ ჩეჩირე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს წინაშე სხვა გამოწვევებიც დგას და მიუხედავად ქვეყნის ახალი ხელისუფლების სიფრთხილისა რუსეთის მიმართ, მოსკოვი კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ისევე, როგორც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების.
სტატიის ავტორი წერს, რომ ვიდრე საქართველო ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას ცდილობს, რუსეთი საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის წნეხის ქვეშ მოქცევას ცდილობს, რათა უარი ათქმევინოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე.
"მიუხედავად ამისა, საქართველო აგრძელებს წინსვლას. თუ გასული წლის არჩევნები ქვეყნისთვის დასავლური, დემოკრატიული მომავლის ტესტი იყო, წლევანდელი არჩევნები იმის დასტური იქნება, რომ ეს შემთხვევითი არ იყო", - აღნიშნავს მაიკლ ჩეჩირე.
სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ ივანიშვილისა და სააკაშვილის სცენიდან წასვლის შემდეგაც კი, საქართველოში კვლავ გაგრძელდება პოლიტიკურ ლიდერთა მხარდამჭერი დაპირისპირებები, მაგრამ ეს კონსოლიდირებული დემოკრატიისა და კულტურის გარემოში მოხდება.
"რა თქმა უნდა, ივანიშვილი ანგარიშგასაწევ ძალად დარჩება მისი პერსონალური და სიმდიდრის გავლენით. ასევე უცვლელი დარჩება სააკაშვილის პარტიის მიერ ეკონომიკაზე მეტ-ნაკლები გავლენა. გარკვეული დროით ივანიშვილი და სააკაშვილი დარჩებიან პოლიტიკურ ძალად, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ გავლენიანი პერსონების ეპოქას დიდი დარტყმა მიადგება მათი წასვლით", - წერს მაიკლ ჩეჩირე