ირაკლი შიხიაშვილი მესამე თვეა დედაქალაქისა და თბილისის შემოერთებული სოფლების მოსახლეობას პირადად ხვდება და პრობლემებს ადგილზე ეცნობა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს დედაქალაქში უმძიმესი მდგომარეობაა საცხოვრისებთან დაკავშირებით.
შიხიაშილის განცხადებით, მოსახლეობის პრობლემები პირველ რიგში შეეხება სახლების ავარიულობას, მეორე ადგილზეა მიშენებებით გამოწვეული დაზიანებები, რასაც მოჰყვება უსახლკარობა და იპოთეკით მიღებული ზარალი.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, აუცილებელია იპოთეკარებით დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები, რადგან მათ ქმედებებში და საქმიანობაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იკვეთება.
ირაკლი შიხიაშვილმა დღესვე საცხოვრისების ქალაქგარეთ შექმნის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, დედაქალაქის საკრებულო შეიმუშავებს ისეთ პროგრამას, რომელიც თბილისს განტვირთვის საშუალებას მისცემს და ქალაქგარეთ ცხოვრებას ბევრად მიმზიდველს გახდის.
"ძალიან ბევრ უსახლკარო ადამიანს შევხვდი და თუ სახელმწიფო მათ შესთავზებს კომფორტულ პირობებს, უმრავლესობა თანახმაა იცხოვროს ქალაქგარეთ. ამისათვის ჩვენ შევიმუშავებთ გარკვეულ პროგრამას, რომლის მეშვეობითაც მოხდება თბილისის განტვირთვა და ქალაქის შემოგარენში ცხოვრება ბერად უფრო მიმზიდველი გახდება. ამისათვის აუცილებელია ვუზრუნველყოთ გარემო საბავშვო ბაღებით, სკოლებით, ელექტროენერგიით, გაზით, წყლით და საჭირო ინფრასტრუქტურით. აუცილებელია შევქმნათ კომფორტული გარემო და ის ადამიანები, რომლებიც დღეს სოციალურად დაუცველები არიან, შესაძლოა ხვალ დოვლათის შემქნელები გახდნენ. ისინი ოჯახებს გამოკვებავენ საკუთარი შრომის ფასად და არა ვიღაცის ხელიდან, თუნდაც ეს ვიღაც მათი სახელმწიფო იყოს. უმჯობესია როცა სახელმწიფოს ხალხი ინახავს.
დღესდღეობით ქალაქში ათი ათასამდე უსახლკარო ოჯახია და იმისათვის, რომ ყველა დაკმაყოფილდეს ბინით, უნდა ავაშენოთ მუხიანის სიდიდის რაიონი, ამ პრობლემას კი თბილისი ვერ მოერევა. თუ სახელმწიფო ერთობლივი ძალისხმევით არ მიუდგა ამ პრობლემას, მივიღებთ მხოლოდ ბეტონის ფარდებს და ქალაქში კვლავ იცხოვრებენ ადამიანები, რომლებსაც კვლავ დასჭირდებათ სოციალური დახმარება.
ახლა იდეის დონეზე ვსაუბრობ, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს განსჯის საგანი. მე მაქსიმალურად ვეცდები მოვახდინო ამ საკითხის ინიცირება.
თუ ჩვენ მოვახდენთ გარკვეული თანხების მობილიზებას და ამ ადამიანების გარკვეულ ნაწილს გავიყვანთ ქალაქგარეთ, თუნდაც საკურორტო პროექტით, ამის შემდეგ უკვე შეიძლება დასახლებას მიეცეს პერმანენტული, პროგრამული, წლებში გაწერილი გეგმა-გრაფიკის ხასიათი, რაც შემდგომში სახელმწიფოს ხარჯვით ნაწილში მოუხსნის პრობლემას“,- განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უხარისხო საწვავის გამონაბოლქვით გაჟღენთილი ჰაერი აუარებელ დაავადებებს იწვევს. შიხიაშვილის განცხადებით, ბოლო დროს ძალიან იმატა სიმსივნით დაავადებულთა რიცხვმა, რაც სპეციალისტების განმარტებით, სწორედ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას უკავშირდება.
მისივე თქმით, მიღებაზე მისულ ადამიანებს დაკარგული აქვთ ნდობა.
"ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემთან მიღებაზე მობრძანდება, ვპირდები ერთ რამეს, ჩვენგან აუცილებლად იქნება გულისხმიერი დამოკიდებულება, იქნება ყურადღება და არ იქნება ტყუილი დაპირება. ადამიანები იმსახურებენ ყოველთვის გაიგონ სიმართლე. ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, პრობლემებსაც არ გავურბივართ. ადამიანი არ შეიძლება იყოს მოლოდინის რეჟიმში, ამიტომაც ჩვენ მოქალაქეებს ვაძლევთ წინმსწრებ და ზუსტ ინფორმაციას.
ყველაფრის მიუხედავად ჯერჯერობით არ ვარ კმაყოფილი ამ ტემპებით და კიდევ უფრო უნდა გავაქტიურდეთ. სამწუხაროდ პოლიტიკას ახლავს ხელის შემშლელი ფაქტორები, უაზრო ისტერიული გამოხტომებით, თუმცა მერწმუნეთ, საქმე ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაც სისულელეებზე პასუხის გაცემა.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება ქალაქის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და ისეთი კონსტიტუციის შექმნა, რომელიც ერთ ადამიანზე არ იქნება მორგებული და ქალაქი განვითარდება ისე, როგორც უკეთესი იქნება თბილისელებისათვის“,- განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.