„ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩევლებს მთავრობის წევრებმა და კოალიციის ლიდერებმა წარუდგინეს. შეკრებილ საზოგადოებას 27 ოქტომბერს გიორგი მარგველაშილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას პროგრამის პრიორიტეტები გააცნო და არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.
როგორც დავით უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა ორიოდე პარასკევის შემდეგ ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც არ იქნება მხოლოდ საკუთარი თავის პრეზიდენტი : „მალე ჩვენ გამაერთიანებელი პრეზიდენტი გვეყოლება, 2012 წლის პირველ ოქტომბერს დაწყებული საქმე 27 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა დავასრულოთ. ის რომ აშკარა უპირატესობით ლიდერობს მარგველაშვილი არ უნდა დაგამშვიდოთ, არჩევნებზე უნდა ვიყოთ აქტიურები და ამაში ჩვენ ერთმანეთის იმედი უნდა გვქონდეს“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
გონივრული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდეს მხარდამჭერებს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ და დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა თბილისში სპეციფიური შეხვედრებია: „ბევრი ადამიანი მხვდება ვისთან ერთადაც გავიზარდე, ვმეგობრობ , ვმუშაობდი. ამომრჩევლებს იმ თემებზე ვესაუბრები, რაზეც რეგიონებში. ერთად როგორ უნდა ჩავატაროთ მაღალი ევროპული სტანდარტებით დემოკრატიული არჩევნები და როგორ დავგეგმოთ ქვეყნის განვითარების სერიოზული ეტაპები.“
გიორგი მარგველაშვილი ხვალ სამგორის მოსახლეობას შეხვდება