"თბილისი რუსეთის ზეწოლისთვის ემზადება", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Eurasianet მოლი კორსოს სტატიას საქართველოს შესახებ.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქართველი მაღალჩინოსნები და პოლიტიკური ექსპერტები ფიქრობენ, რომ კრემლი მზადაა გამოიყენოს ყველა ტრიუკი, რათა აიძულოს საქართველო უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებზე და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ევრაზიულ კავშირზე.
"ტრადიციულად, საქართველო ყველაზე პროდასავლური სახელმწიფო იყო სამხრეთ კავკასიაში. მაგრამ, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ "ქართული ოცნება" პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა, საქართველოს პოზიცია რუსეთის მიმართ შერბილდა", - წერს მოლი კორსო.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, 28 ნოემბერს, ლიტვაში, ვილნიუსის სამიტზე, სავარაუდოდ, საქართველო კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს ევროკავშირისკენ ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებით. მისივე თქმით, შეთანხმება, რომელიც ასევე მზდდება უკრაინასა და მოლდოვასთვის, თანდათანობით შეამცირებს ბრიუსელთან მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებს.
"ზოგიერთი ქართველი ფიქრობს, რომ ეს პერსპექტივა მოსკოვს აღიზიანებს – არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამით გაიზრდება ევროკავშირის გავლენა რეგიონზე, რომელსაც კრემლი დღემდე თავის "შემოგარენად" მიიჩნევს, არამედ იმიტომაც, რომ ეს ეკონომიკურ დაბრკოლებას წარმოქმნის რუსეთსა და საქართველოს სამხრეთ მეზობელ სომხეთისთვის, ერთადერთი კავკასიური ქვეყნისთვის, რომელმაც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება გადაწყვიტა", - წერს მოლი კორსო.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, სპეკულაციები ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებით მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ თუ ქვეყნისთვის საინტერესო იქნება, არ არის გამორიცხული საქართველო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდეს.
სტატიის ავტორი ასევე ციტირებს რუსეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის კომენტარს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არ განიხილავს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების საკითხს კრემლთან და არც რაიმე სახის კომპრომისს, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას უკავშირდება.
მოლი კორსო ასევე ციტირებს პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას კომენტარს, რომელიც ფიქრობს, რომ ქართველებისთვის დასავლეთთან ინტეგრაციაზე მნიშვნელოვანი ტერიტორიული მთლიანობაა.
"კაკაჩიაც და სხვა ექსპერტებიც ფიქრობენ, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, რუსი სამხედროების მიერ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მავთულხლართების გაბმა სამხრეთ ოსეთთან "სახელმწიფო საზღვრის" მონიშვნის მიზნით, მოსკოვის მიერ თბილისზე ზეწოლის კიდევ ერთი მცდელობაა", - წერს მოლი კორსო.
სტატიის ავტორი ასევე ციტირებს ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილი დირექტორის თორნიკე შარაშენიძის კომენტარს, რომელიც ამბობს, რომ ამ ღობეების აღმართვით ყველა ის შანსი მოისპო, რაც თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების დასამყარებლად არსებობდა.
"მაღალჩინოსანთა განცხადებით ღობეების აღმართვა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგია, მაგრამ შესაძლოა ეს ფაქტორი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მიზნით საქართველოზე ზეწოლად იქნას გამოყენებული. თუმცა, პოტენციური ზეწოლის ნიშნები ღობეების საკითხს სცდება", - წერს მოლი კორსო.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რამდენიმე ხნის წინ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა კრიმინალური დაჯგუფება დააკავა, რომელსაც, მათი განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან იარაღი შეჰქონდათ. თუმცა, ქართულ მხარს ამ ბრალდებაზე პასუხი ჯერად არ გაუცია.
მოლი კორსო ასევე წერს, რომ კიდევ ერთ დარტყმას რუსეთი საქართველოს სუსტი წერტილის – ეკონომიკის მიმართ იყენებს და "როსპოტრებნადზორს" კვლავ გაუჩნდა შეკითხვები ქართული ღვინის ხარისხის მიმართ.
"ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ვიცოდით რუსეთის წითელი ხაზების შესახებ. ჩვენც გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები – ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი თავისუფალი არჩევანი საერთაშორისო ურთიერთობებში. ეს მთავარი საკითხები განხილვას არ ექვემდებარება", - ციტირებს მოლი კორსო ზურაბ აბაშიძის კომენტარს.