„შევარდნაძე ჩვენ ვერ დაგვიჭერს“

„შევარდნაძე ჩვენ ვერ დაგვიჭერს“

აშშ-ში, კიევსა და მოსკოვში ერთკვირიანი ვოიაჟის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დაბრუნდა და პრესკონფერენცია გამართა.

მან ქართულ საზოგადოებას რამდენიმე სიახლის შესახებ აუწყა.

„ოპოზიციის აქტიურობის შედეგად ჩაიშალა გეგმა, რომელიც ქართული ენერგოსისტემის „იტერასთვის“ ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად“, - განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, „იტერასთან“ თანამშრომლობის ჩაშლაში გადამწყვეტი როლი ითამაშა აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის პოზიციამ და მისმა წერილმა პრეზიდენტ შევარდნაძისადმი, რომელშიც ცალსახადაა ნათქვამი, რომ ენერგეტიკური დამოუკიდებლობა საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია.

კიევში ვიზიტის დროს მიხეილ სააკაშვილი შეხვდა უკრაინის ოპოზიციის ლიდერს, პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატს, ანატოლი იუშჩენკოს. ამ შეხვედრაზე გადაწყდა საქართველოსა და უკრაინის ოპოზიციური ძალების კოორდინაციის საკითხი.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ვაშინგტონში სააკაშვილი გავლენიან სენატორებს, ჯონ მაქქეინსა და ჩაქ ჰაგელს შეხვდა. მან აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის პირველი მოადგილის, სტროუბ ტელბოტის მიწვევით მოხსენება წაიკითხა იელის უნივერსიტეტში კონფერენციაზე „აბრეშუმის გზა 21-ე საუკუნეში“. ვაშინგტონშივე მან შეიტყო, რომ ამერიკული კომპანია „ეი-იეს-თელასი“ საქართველოდან წასვლას აპირებს და ეს ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს.

ვაშინგტონის შემდეგ სააკაშვილი მოსკოვს ეწვია, სადაც იმ დეპუტატებს შეხვდა, რომლებმაც საქართველოს დაბომბვის წინააღმდეგ გაილაშქრეს. ის ესაუბრა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილეებს, ირინა ხაკამადას, ვლადიმირ ლუკინს, ასევე შეხვდა გრიგორი იავლინსკის. ქართველმა დეპუტატმა რადიოსადგურ „ეხო მოსკვიში“ პრესკონფერენციაც კი გამართა, სადაც განაცხადა, რომ თუ რუსეთი თავს დაესხმება საქართველოს, ქართველი ერი, მათ შორის ოპოზიცია, იარაღს აიღებს ხელში და ქვეყნის დასაცავად იბრძოლებს. მანვე განაცხადა, რომ საქართველოში შიდა დესტასბილიზაციას რუსეთი ვერ შეძლებს და არჩევნები საქართველოში კონსტიტუციით დადგენილ ვადაში უნდა ჩატარდეს.

საქართველოში ეს განცხადება ისე აღიქვეს, რომ სააკაშვილი თავის ლოზუნგებს ცვლის და შევარდნაძის საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე მისი დარჩენის მომხრეა. სააკაშვილი აცხადებს, რომ კონსტიტუციის შეცვლა შესაძლებელია, მაგრამ უცხო ქვეყნების წარმომადგენელთა მცდელობაზე, რომ საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებას დაუჭირონ მხარი, ოპოზიცია არ უნდა წამოეგოს და ეს დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში ატეხილ სკანდალებს, ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ვახტანგ რჩეულიშვილის გამონათქვამები სერიოზულ კომენტარებს არ იმსახურებს.

„ხომ არ შეიძლება, მუდმივად ხელისუფლების რომელიმე კლანური დაჯგუფების ინტერესები განახორციელო? ჩემი აზრით, რჩეულიშვილი არა მარტო ჯორბენაძის, არამედ შევარდნაძის დავალებითაც მოქმედებს, რადგან პრეზიდენტს აღარ მოსწონს ნინო ბურჯანაძე, რომელიც მისთვის ზედმეტად დამოუკიდებელი აღმოჩნდა. ჯორბენაძეც და რჩეულიშვილიც საცოდავი 11 სართულის შვილები არიან“, - ამბობს სააკაშვილი.

რაც შეეხება უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებული დოკუმენტის პროექტს, რომელსაც დეპუტატთა აღშფოთება მოჰყვა, მასთან დაკავშირებით სააკაშვილი აცხადებს, რომ შევარდნაძე მათ ვერ დაიჭერს. ნაციონალების ლიდერმა ამერიკიდან კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია ჩამოიტანა. მისი თქმით, აშშ-ის სამხედრო დახმარება საქართველოსათვის რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება და აშშ-ის მთავრობა თანახმაა, დაფინანსება არათუ გააგრძელოს, გაზარდოს კიდევაც.