საქართველოს პრემიერ-მინისტრი სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ღია წერილით პასუხობს.
ბიძინა ივანიშვილი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით საკუთარ დამოკიდებულებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დემოკრატიის უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტებით, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით არჩევნების ჩატარება უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის და დიდი გამოწვევაა ხელისუფლებისთვის.
"კონკურენტულობა არჩევნების დემოკრატიულობის ერთ-ერთი წინაპირობაა და ამიტომ დაინტერესებული ვართ, რაც შეიძლება მეტი ღირსეული კანდიდატი ვიხილოთ საპრეზიდენტო ბრძოლაში ჩაბმული. თქვენ, ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ღირსეული პიროვნება ბრძანდებით და პირადად მე მოხარული ვიქნებოდი, თუ თქვენს გვარსაც ვიხილავდი საარჩევნო ბიულეტენში. ამასთანავე, ჩვენ ერთად ვიბრძოდით ამ ქვეყანაში კანონიერების დასამკვიდრებლად და ერთი კაცის დიქტატის, ერთი კაცის ნების მიხედვით ავტორიტარული მმართველობის დასამთავრებლად", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით 26 აგვისტოს მიმართა და მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.