სირიის გარშემო შექმნილი ვითარების გამო ნავთობის ფასი იზრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ნავთობის ფასმა ზრდა დაიწყო და ბოლო დღეების განმავლობაში ბოლო 6 თვის მაქსიმუმ მაჩვენებელს მიაღწია.
"მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში მსოფლიოში ნავთობის ფასი სხვადასხვაგვარად იცვლებოდა. თუ თვის პირველ კვირაში ნავთობის ფასები მცირდებოდა, მეორე კვირიდან ნავთობის ფასმა ზრდა დაიწყო და ბოლო დღეების განმავლობაში ბოლო 6 თვის მაქსიმუმ მაჩვენებელს მიაღწია. დღეისათვის ნავთობის ფასი შეადგენს: ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასი - 115,80 დოლარს/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი - 109,27 დოლარს/ბარელზე", -ნათქვამია განცხადებაში.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის ფასის ზრდას ხელი შეუწყო ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნილების ზრდამ, რაც განპირობებულია ჩინეთის ეკონომიკის ზრდით. კერძოდ, საქმიანი აქტიურობის მნიშვნელოვანი ზრდით მრეწველობაში. ასევე ამ პერიოდის განმავლობაში დამაიმედებელი ძვრები არის მთლიანად მსოფლიოს ეკონომიკაში. ჩინეთის ანალოგიურად აშშ-შიც ბოლო თვეების მაქსიმუმ მაჩვენებელზეა საქმიანი აქტიურობის ზრდა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების მიმართულებით, ხოლო ევროკავშირში ის მოსალოდნელზე უფრო მაღალი აღმოჩნდა.
"კვლავინდებურად აქტუალურობას არ კარგავს ეგვიპტეში არსებული არასტაბილური ვითარება. როგორც ცნობილია, ეგვიპტეში არსებული სუეცის არხისა და ნავთობსადენ სუმდის მეშვეობით ყოველდღიურად 4,5 მლნ ბარელი ნავთობის გატარება ხდება.
ამას დაემატა სირიის გარშემო შექმნილი საგანგაშო ვითარება. კერძოდ, დღე-დღეზე ელოდებიან საომარი მოქმედებების დაწყებას აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან, რამაც ნავთობის ფასის მატებას ახალი ბიძგი მისცა. მართალია, სირია არ არის ნავთობმომპოვებელი ქვეყანა, ისევე როგორც ეგვიპტე, თუმცა არის იმის დიდი ალბათობა, რომ კრიზისი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზეც გავრცელდეს, რომელთა შორის მთავარი ირანია, რომელმაც უკვე გააკეთა მკვეთრი განცხადებები სირიის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.