"არჩევანი სამხრეთ კავკასიისთვის" , - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა New York Times სტატიას რუსეთსა და მის კავკასიელ მეზობლებზე. როგორც სტატიაშია ნათქვამია, რუსეთ-საქართველოს ომიდან ხუთი წლის შემდეგ, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო კვლავ უდიდეს გამოწვევებს უპირისპირდებიან.
"სამივე სახელმწიფო ასევე დგას უსაფრთხოების რისკების, პასუხგაუცემელი მოლოდინებისა და მათი ხელისუფლების ჩავარდნების წინაშე. ასე რომ, სამხრეთ კავკასიამ სწორედ ახლა უნდა გააკეთოს არჩევანი", - აღნიშნავენ სტატიის ავტორები.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, საქართველოს ორი დამოუკიდებელი ანკლავი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – ისევე, როგორც მომიჯნავე ტერიტორიები, რუსეთის სამხედროების მიერაა ოკუპირებული.
"რუსეთი აიძულებს თავის მეზობლებს ევრაზიის ეკონომიკურ თანამეგობრობაში გაწევრიანებას. მოსკოვი ღელავს და საფუძვლიანად, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებას ამჯობინებენ", - ნათქვამია სტატიაში.
როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ, სამივე ქვეყანას მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური საკითხებიც აქვს მოსაგვარებელი, რომელიც ამ წლის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.
"გასულ წელს, არჩევნების შედეგად საქართველოში პირველად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარება. საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა კოლაიციამ, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია დაამარცხა. ახალმა ხელისუფლებამ, საზოგადოების მოთხოვნის მოტივით, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააპატიმრა. რამაც ქვეყანაში შერჩევითი სამართლის გამოყენებაზე ეჭვები წარმოშვა. ხელისუფლების მხარდაჭერა იკლებს, რამდენადაც ეკონომიკური მდგომარეობა ვერ უმჯობესდება", - ნათქვამია სტატიაში.
ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ივანიშვილმა, რომელიც ინარჩუნებს საქართველოს დასავლურ ორიენტაციას, რუსეთთან დაძაბულობა შეამცირა.
"მოსკოვმა თავის ბაზარზე დაუშვა მანამდე აკრძალული ქართული ღვინო, სოფლის მეურნეობის პროდუქცია და მინერალური წყალი, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თაობაზე აზრთა ღრმა სხვადასხვაობა რჩება. საქართველომ ფოკუსირება უნდა მოახდინოს დემოკრატიაზე, ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებასა და სამხედრო თავდაცვის შენებაზე", - აღნიშნავენ სტატიის ავტორები.
"ნიუ იორკ თაიმსში" გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ სამივე ქვეყანა – აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო – ევროკავშირში გაწევრიანების გადამწყვეტ ფაზაში იმყოფება და ნოემბერში, სავარაუდოდ, ევროკავშირი ხელს მოაწერს სომხეთთან და საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და სხვა საკითხებს.
სტატიის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა ძლევამოსილ მეზობლებთან ურთიერთობაში თავისუფლად მანევრირების მეტ შესაძლებლობას მოიტანს და ამავე ქვეყნების დამოუკიდებლობის მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან უმნიშვნელოვანესია.
"დროა, სამხრეთ კავკასიელებმა თავიანთი მომავალი გადაწყვიტონ. თუ მათ დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობა უნდათ, გამჭვირვალე მთავრობისა და ფართო ეკონომიკური შესაძლებლობების მომტანი რეფორმები უნდა გაატარონ. ვიდრე ეს ქვეყნები თავიანთი არჩევანისთვის იბრძოლებენ, დასავლეთმა უნდა შეინარჩუნოს მათი რეფორმებისა და თავისუფლების მხარდაჭერა", - ნათქვამია New York Times სტატიაში.