ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპულის არჩილ ჩოხელის დის ხათუნა ჩოხელის ვარაუდით, მისი ძმა სპეცოპერაციის ადგილზე წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით იმისთვის მიიყვანეს, რომ მოეკლათ.
"ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. კარგად შემუშავებული გეგმა ჰქონდათ – არჩილი ყველა შემთხვევაში უნდა მოეკლათ. ეს მოხდა უშუალოდ პრეზიდენტთან შეთანხმებით. ასევე მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმდროინდელ შს მინისტრ ბაჩო ახალაიას და კახეთის კონტრდაზვერვის იმ თანამშრომლებს, რომლებიც მაშინ ადგილზე იმყოფებოდნენ. თითოეულ მათგანს ვდებ ბრალს. ჩემი ძმა მოკლეს და ამის მიზეზი იყო ერთადერთი – ხელფასი, რომელსაც ის როგორც სპორტსმენი, ბიძინა ივანიშვილისგან ყოველთვიურად იღებდა. არ გამოვრიცხავ არც იმასაც, რომ ჩემს ძმას ივანიშვილის ლიკვიდაციაც დაავალეს, რადგან ერთ-ერთი ბოლო ვერსიით, ივანიშვილის მოკვლა ქისტებს ჰქონდათ დავალებული. ვფიქრობ, ეს არჩილსაც მოსთხოვეს. მან ეს არ შეასრულა და ამიტომაც მოიშორეს", - აღნიშნა ხათუნა ჩოხელმა.
ლაფანყურის სპეცოპერაციიდან გუშინ წელი შესრულდა. სპეცოპერაციის დროს
დაიღუპნენ სპეცრაზმის ორი თანამშრომელი არჩილ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური, სამხედრო ექიმი - ვლადიმერ ხვედელიძე.
შსს-ს მაშინდელი ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია 11 შეიარაღებული პირი, რომელთაგან შვიდი დუისის სასაფლაოზეა დაკრძალული.