კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მეორე დღეა შეხვედრებს იმერეთში მართავს.
გიორგი მარგველაშვილი ამომრჩეველებს ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში შეხვდა. დღეს ასევე დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ და მაჟორიტარმა პაატა კიკნაველიძემ კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ბაღდათის ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას წარუდგინეს.
გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას საზოგადოების წარმომადგენლები გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, ზაზა კოლელიშვილი და ნათია გოგოჭური იღებენ. მათ საზოგადოებას არჩევნებზე მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
„ მე გიორგის ვუჭერ მხარს და ეჭვიც არ მეპარება, რომ ძალიან კარგად წავა მთელი საარჩევნო პერიოდი. მე თქვენთან ერთად ვიქნები და საქართველო ნამდვილად გაიმარჯვებს“ განაცხადა გივი ბერიკაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან ბაღდათში გამართული შეხვედრა შეაფასა: „ეს ადამიანები გვთხოვენ გვერდში დგომას, იმიტომ რომ ძალიან დიდი პოტენციალი არის ბაღდათში, განსაკუთრებით მეღვინეობის მიმართულებით. ჩვენ ვნახეთ სოფლები სადაც ვენახის უნიკალური ჯიშები არის გაჩეხილი და იქ მოჰყავთ სიმინდი. ეს რა თქმა უნდა პრობლემაა ადგილობრივებისთვის. ბუნებრივია ამ პრობლემას უნდა მიეხედოს. ჩვენ ერთად დავგეგმეთ ამ მიმართულებით რა უნდა გაკეთდეს. სოფლის მეურნებობას კი არ უნდა მივხედოთ მხოლოდ, არამეს სოფელი ერთად უნდა ავაღორძინოთ“
მარგველაშვილი ჟურნალისტებთან მინარეთის დემონტაჟსაც გამოეხმაურა : „მე იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა უაღრესად სწრაფად მოგვარდება. საქართველო არის მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქვეყანა, სამწუხაროა ჩემთვის, როდესაც ამ მიმართულებით იქმნება პრობლემები, ხელოვნურად არ უნდა მოხდეს ამ თემის ინსპირირება და გართულება, რადგან არ წაადგება არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ. საგადასახადო და საბაჟო სამსახურები უნდა მუშაობდნენ კანონის დაცვით, მაგრამ ამავე დროს, როდესაც არის ასეთი ფაქიზე თემები, მათ სწრაფად უნდა მისცენ პასუხი და გაურკვევლობაც მოიხსნება. როგორც ვიცი მოკვლევა მიმდინარეობს. მე ინფორმირებული ვარ იმის შესახებ, რომ ამ საქმეში ჩართულია არა მხოლოდ ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტრო, არამედ ბატონი პაატა ზაქარეიშვილიც და ეს პრობლებლემა, რომელიც რეალურად არ არსებობს, ძალიან მალე გადაწყდება“- განაცხადა მარგველაშვილმა.
ბაღდათში ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა წყალტუბოში ოტია იოსელიანის საფლავი მოინახულა.
15 :00 საათისთვის კი დაგეგმილია კოალიციის კანდიდატის
შეხვედრა წყალტუბოში ადგილობრივ მოსახლეობასთან, რასაც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დაესწრება.